ყველა გაზეთს თავისი მკითხველი ჰყავს


 პროფესიით ბიოლოგი მაია ჩხატარაშვილი 24-ე წელია საჯარო ბიბლიოთეკაში, პერიოდიკის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარია.  მისი ყოველი სამუშაო დღე ახალი პრესის გაცნობით, დალაგებით და მკითხველისთვის მიწოდებით იწყება.

 

მანანა ქველიაშვილი 

 „ოზურგეთიდან ვარ. ორწელიწადნახევარი ვასწავლიდი ოზურგეთის სკოლაში ბიოლოგიას. გათხოვების შემდეგ განათლების სამინისტროში კი შევიტანე განაცხადი, მაგრამ ცოტა დრო სჭირდებოდა და უცებ გამოჩნდა ბიბლიოთეკაში ადგილი. წიგნის სიყვარული სულ მქონდა და დავიწყე. თავიდან ერთი თვე სხვა განყოფილებაში ვიყავი, ერთი თვის შემდეგ პერიოდიკის განყოფილებაში გადმოვედი და აქ ვარ დღემდე. 24-ე წელია აქ ვმუშაობ“ _ ამბობს მაია ჩხატარაშვილი. 

 

მაია და მისი თანამშრომლები პერიოდიკის განყოფილებაში დღეში დაახლოებით 50-დან 70-მდე მკითხველს ემსახურებიან. ძირითადად პენსიონერები მოდიან გაზეთების წასაკითხადო _ ამბობს ბიბლიოთეკარი. 

 

„გააჩნია ამინდსაც. ახლა გათბობა გვაქვს და უფრო დიდხანს ჩერდებიან. ისე ძალიან რომ უნდოდათ წაკითხვა, სიცივეშიც ისხდნენ, მაგრამ წელს მოგვარდა გათბობის საკითხი. დღეს დილიდან სავსე იყო დარბაზი. ყველა ასაკის მკითხველი გვყავს, მაგრამ უფრო მეტი 50 წელს  არის გადაცილებული.

 

ყველა გაზეთს მისი მკითხველი ჰყავს. უკვე ვიცი, რომელი მკითხველი რომელ გაზეთს აიღებს. ზოგს „რეზონანსი“ უყვარს, ზოგი მოდის, რომელიც მარტო „ბათუმელებს“ კითხულობს, წავა მოიკითხავს „ბათუმელებს“ და სხვას რატომღაც არ გადახედავს. ერთი კაცია, რომელიც მარტო „ლელოს“ წასაკითხად მოდის. რამდენიმე წელია ასე დადის, წაიკითხავს „ლელოს“ და წავა. ხომ არის სხვა სპორტული გაზეთებიც, მაგრამ სხვა არ აინტერესებს. ყველაზე მეტად მოთხოვნადი გაზეთები „ასავალ-დასავალი,“ „ალია~, `ქრონიკა“ და „კვირის პალიტრაა“.  ადგილობრივ გაზეთებს შორის „ბათუმელებს“ და „აჭარას“ კითხულობენ“, _ ამბობს მაია.  

 

პერიოდიკის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარის თქმით, მკითხველი ძველ გაზეთებსაც ჰყავს. 

 

„არიან მკითხველები, რომლებიც არქივზე მუშაობენ, ყოველდღე მოდიან და სათითაოდ კითხულობენ ყველას. სამ- ოთხ თვეს გრძელდება ხოლმე ეს პროცესი“.

 

მაია ამბობს, რომ თავად ძირითადად პოლიტიკურ პრესას ეცნობა. 

 

„ყველა გაზეთში ერთი და იგივეა ძირითადად. პოლიტიკური ფონია საერთო. ძირითადად „ასავალ-დასავალს“, „ალია – ქრონიკას“ ვკითხულობ. „კვირის პალიტრაც“ მიყვარს. „ბათუმელებით“ ვიწყებ კვირას“.

 

მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ხანდახან სკოლაში მუშაობა ენატრება, თუმცა სამსახური, სადაც ახლა მუშაობს, მოსწონს. 

 

`საინტერესო ადამიანები დადიან აქ, ირგვლივ ძალიან კარგი ადამიანები არიან. სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან სახლში მისვლა მიხარია. მიმაჩნია, რომ სასარგებლოა ის საქმე, რასაც ვაკეთებ. თითოეული გაზეთის ნომერს, ჟურნალის ნომერს, დავკანკალებთ. ვაკონტროლებ, მკითხველს რომ ჩავაბარებთ, დახეული არ დამიბრუნოს. მერე ყველაფერი არქივში ინახება. მოდის თაობები, ახალი თაობები და ამ შენახულ ჟურნალ-გაზეთებს გამოიყენებენ ალბათ ოდესმე“.

 

კითხვაზე, ურჩევდა თუ არა ვინმეს თავის პროფესიას, მაიას პასუხის გაცემა უჭირს: „ჯერ არავისთვის მიმიცია რჩევა, რომ აერჩიათ პროფესიად ბიბლიოთეკარობა. იმიტომ, რომ დღეს უფრო სხვა პროფესიებია მოდური. ჩემმა შვილებმა, მაგალითად, სხვა პროფესია აირჩიეს, ერთმა საერთაშორისო ეკონომიურზე ჩააბარა, მეორემ ინგლისური ენა და მენეჯმენტი აირჩია. იმიტომ, რომ ამ თაობამ უფრო პერსპექტიულად ეს ჩათვალა.

 

გახდი ბიბლიოთეკარი _ ასეთი რჩევა არავისთვის მიმიცია. თავის მხრივ, არის საინტერესო საქმიანობა, თუმცა ნაკლებად პერსპექტიული. აქ ვინც მოვა, აღარ წავა. მაგრამ პერსპექტივა…“ 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები" მანანა ქველიაშვილი