Batumelebi | „ჩვენი აჭარა“ ლოკალურ აქციებზე გადადის „ჩვენი აჭარა“ ლოკალურ აქციებზე გადადის – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

„ჩვენი აჭარა“ ლოკალურ აქციებზე გადადის

მიუხედავად იმისა, რომ ხუთჯვრიანი დროშის დაკანონებას საქართველოს პრეზიდენტი 25 იანვარს მოაწერს ხელს, სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ინიციატივით, 19 იანვარს აჭარაში სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშის აღმართვის უპრეცედენტო ცერემონიები მოეწყო.  აღსანიშნავია, რომ ეს აქციები მხოლოდ აჭარის სოფლებს შეეხო და ქალაქებში არ განხორციელებულა. „ჩვენი აჭარის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თამაზ დიასამიძის განცხადებით 150-მდე ალამია აღმართული. „ამით ხაზი გავუსვით ჩვენი მოძრაობის მშვიდობიან, ორგანიზებულ ხასიათს და მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერას. იცით, რა სპონტანური ხასიათი ჰქონდა მოსახლეობის აზრის გამოხატვას აჭარის სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში, რომელსაც უცნაური და გაუგებარი ხასიათის შეხლა-შემოხლა მოსდევდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საბოლოოდ დაგვესვა წერტილი არაორგანიზებული გამოსვლებისთვის და ანგარიში გაგვეწია ხალხის განწყობილებისთვის. მე ვთვლი, რომ  მოსახლეობამ მაღალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინა, როდესაც ხელისუფლებას დაასწრო და სახელმწიფო ატრიბუტიკის, დროშის აღმართვა დაიწყო სახელმწიფო დაწესებულებებზე“ – აცხადებს დიასამიძე.

„ჩვენი აჭარის“ გადაწყვეტილებით ბათუმში ამგვარი აქციის გადადება გამოწვეულია იმით, რომ იგი ადმინისტრაციული ცენტრია, აქ არის ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები. მოსალოდნელი იყო ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა. მათი აზრით, აჭარის ყველა სოფელში ერთდროულად ძალის გამოყენების შესაძლებლობა არსებულ ხელისუფლებას უკვე აღარ შესწევს. ორგანიზატორების თქმით, სოფლის საკრებულოებში მოღვაწე ხელისუფლების წარმომადგენლები მათ აქციაში დიდი მონდომებით ჩაებნენ.

თამაზ დიასამიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობს: „უახლოეს პერიოდში აქ ჩვენ ლოკალურ აქციებს ვაპირებთ, ეს იქნება აქციები სოფლებში, დაბებში, საკრებულოებში, იქნება ხალხის მსვლელობები, სოფლებიდან ცენტრისაკენ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს. ჩვენ გვინდა, რომ ეს გარდაუვალი პროცესები მართვადი გავხადოთ, რათა კალაპოტიდან არ ამოვარდეს, არ იქცეს ბუნტებად,  აჯანყებებად, რათა მას ჰქონდეს ორგანიზებული ხასიათი“.

რაც შეეხება გონიოს აქციას, დიასამიძის თქმით, მან შეასრულა ის მისია, რაც დასახული იყო. თუმცა, იქ პროცესები გასცდა კიდეც დასახულ მიზნებს და აქციამ მიტინგის ხასიათი მიიღო, გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნები. „ჩვენ ამას მიზნად არ ვისახავდით. იქ ადგილობრივი მოსახლეობა გამოირჩევა რადიკალიზმით და შეუძლებელიცაა აბსოლუტურ კალაპოტში მოაქციო მოსახლეობა, რომელიც 10 წლის განმავლობაში შეზღუდული იყო. ჩვენ შევეცადეთ, რომ აქცია აღარ გაგრძელებულიყო. მიტინგი ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მაგრამ საბედნიეროდ შეტაკებამდე საქმე არ მივიდა“.

„ჩვენი აჭარა“ აჭარაში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას გეგმავს. თავად დიასამიძე მოძრაობის პოლიტიკურ რანგში აყვანას გამორიცხავს: „მე ვფიქრობ, აჭარის ხელისუფლება აღარ გამოხატავს მოსახლეობის აზრს, ამიტომაც ის ვადამდელი არჩევნებით უნდა შეიცვალოს“. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაიკავებს ასლან აბაშიძის ადგილს, ეს ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი ყოფილა: „საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო და ვინ უნდა გაატაროს სახელმწიფო პოლიტიკა რეგიონში, ეს მარტო აქ გადასაწყვეტი არ არის. უკვე წავიდა ის დრო, როდესაც აქ რეგიონის ხელმძღვანელი იყო საგარეო პოლიტიკის გამტარებელი და საშინაო პოლიტიკაში მთავარსარდლად ცხადდებოდა“.

რაც შეეხება 25 იანვარს პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტს ბათუმში, დიასამიძე ამის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს. აქედან გამომდინარე „ჩვენი აჭარა“ მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად ჯერჯერობით არც ემზადება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ემზარ დიასამიძე