მთიანი აჭარა

რა უნდა გაკეთდეს ჯილეხისგან თავდასაცავად

11.04.2015 • 3409
რა უნდა გაკეთდეს ჯილეხისგან თავდასაცავად

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯილეხის საფრთხეების შემცირებაზე თითქოს ორი წლის წინ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, როდესაც 850 ათასი ლარი გამოყო დანადგარის შესაძენად, რომლითაც დაინფიცირებული პირუტყვის კრემაცია შეიძლებოდა. მსხვილი ცხოველების კარკასისა და ბიოლოგიურად სახიფათო ნარჩენების გასანადგურებელი ღუმელის შესყიდვაზე 2013 წლის 2 დეკემბერს სააგენტო შპს „ორიენტირს“ შეუთანხმდა – საბოლო ჯამში, ტენდერის პირობით, კერძო კომპანია და სახელმწიფო შეთანხმდნენ, რომ ინსინერატორის შესაძენად 817 900 ლარი იყო საჭირო.

 

 

სპეციალისტები ამბობენ, რომ სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება არაეფექტურია, რადგან ძვირადღირებული აღჭურვილობა სტატიკური დანადგარია, ანუ ინსინერატორამდე დაღუპული პირუტყვის მიტანას კიდევ სხვა სპეციალიზებული ტრანსპორტი სჭირდება, რაც საქართველოში დღემდე არ არსებობს. გარდა ამისა, უკვე ნაყიდი ინსინერატორით ერთი პირუტყვის განადგურებას თითქმის 300 ლარის საწვავი სჭირდება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ 800 ათას ლარად გაცილებით ეფექტური ინსინერატორის შეძენა შეიძლებოდა.

 

სად ინახება ინსინერატორი და გამოუყენებია თუ არა დღემდე სააგენტოს დანადგარი? დაავადებული ცხოველი, რომლის გაუვნებელყოფა უნდა მოხდეს ინსინერატორით როგორ ან რანაირად უნდა მიიტანო ინსინერატორამდე? ამ კითხვით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ, რაზეც გვიპასუხეს: „ინსინერატორების განთავსება გათვალისწინებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. მის განსათავსებლად გამოყოფილია შესაბამისი ტერიტორია და მიმდინარეობს შესაბამისი კეთილმოწყობისა და უსაფრთხოების დაცვის სამუშაოები. ლეშის გადასაზიდად შერჩეულია ბიოუსაფრთხოების წესებით აღჭურვილი სპეციალური დანიშნულების მაღალი გამავლობის ავტომანქანა, რომლის შეძენაც გათვალისწინებულია უახლოეს ხანებში“.

 

ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ მთავარი ვეტკონსულტანტი და ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა გვიხსნის, რომ ჯილეხი, იგივე ციმბირული წყლული, საშიში ინფექციური დაავადებაა – ჯილეხით არამარტო მსხვილფეხა საქონელი, ადამიანიც ავადდება. დაავადების ძირითადი ამთვისებელი მსხვილი და წვრილი რქოსანი პირუტყვი, ცხენი და ყველა სახის ბალახისმჭამელი ცხოველია. ნაკლებად ავადდება ღორი.

 

ჯილეხით ცხოველის დასნებოვნება საკვებით ან წყლით ხდება, საკვების გარდა პირუტყვი შესაძლოა დაინფიცირდეს ჩასუნთქვით, ასევე მწერების საშუალებითაც. ბიოლოგიის დოქტორი ამბობს, რომ ჯილეხი სწრაფად ვრცელდება და ცხოველის უეცრად სიკვდილს კლინიკური ნიშნების გამოვლინების გარეშე იწვევს.

 

„ჯილეხის შემთხვევაში ზოგჯერ შეიმჩნევა ცხოველებში კანკალი, კრუნჩხვები, პირისა და ცხვირის ღრუდან სისხლიანი გამონადენი, ტემპერატურის მომატება და ცხოველი 2-3 დღეში იღუპება“, – ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა.

 

წინა წლებში ჯილეხის გამოვლენის ადგილზე სააგენტო კარანტინს აცხადებდა, კერებს დეზინფექციას უტარებდა და ამთვისებელ ცხოველებს ვაქცინაციას უტარებდა. 2014 წელს იძულებით ვაქცინა  5774, წელს კი 220 დაავადების ამთვისებელ ცხოველს ჩაუტარდა.

 

ადამიანი ჯილეხით ავადმყოფ ცხოველთან შეხებით ინფიცირდება, დაინფიცირებას იწვევს ხორცპროდუქტების დამუშავება, ლეშის აღება, ავადმყოფი ცხოველის რძის მიღება, ადამიანი ასევე შეიძლება დაავადდეს საქონლის ტყავის ქურქისგანაც.

 

მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, ჯილეხისგან თავის დასაცავად ცხოველის ვაქცინაცია აუცილებელია:

 

„ყველა სახეობის მოზარდი ცხოველები, გარდა კვიცებისა, პირველად უნდა აიცრას სამი თვის ასაკში, კვიცები – 9 თვის ასაკში. განმეორებით ვაქცინა პირველი აცრიდან 6 თვის შემდეგ უნდა გაკეთდეს, ზრდასრულ ცხოველებს კი, წელიწადში ერთხელ უკეთდება ვაქცინა“.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წელს 1 508 000 პირუტყვის ვაქცინაცია აქვს დაგეგმილი. დაგეგმილი ღონისძიებით 500 000 სულ მსხვილფეხა პირუტყვს, 650 000 წვრილფეხასა და 10 000 კენტჩლიქიან ცხოველს ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ, 150 000 სულ მოზარდ მსხვილფეხა პირუტყვს, 195 000 მოზარდ წვრილფეხასა და 3000 მოზარდ ცხენს კი რევაქცინაცია ჩაუტარდება. ჯილეხის საწინააღმდეგო  1 168 100 დოზა ვაქცინის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 127080,75  ლარზე გამოცხადდა.

 

მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, იმ ადგილზე, სადაც ჯილეხი გამოვლინდება, კარანტინი უნდა გამოცხადდეს: „ჯილეხის გამოვლენის შემთხვევაში დასახლებულ პუნქტში ან მეურნეობაში, საძოვრის მონაკვეთზე კარანტინი უნდა გამოცხადდეს, ავადმყოფ და ავადმყოფობაზე საეჭვო ცხოველები იზოლატორში მოთავსდეს და მკურნალობა გაეწიოს. 14 დღის შემდეგ, მათი კლინიკური გამოჯანმრთელებიდან აიცრას ცხოველი ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით, აქვე გასათვალისწინებელია, რომ დაავადებული ცხოველის მომვლელმა  მკაცრად უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენა. მეცხოველეობის ყველა მუშაკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. ხოლო ის, ვისაც ხელებზე, სახესა და სხეულის სხვა ღია ადგილებზე გამონაკაწრი, ჭრილობა და კანის სხვა დაზიანება აქვს, ავადმყოფი ცხოველის მოსავლელად, დაინფიცირებული ადგილების გასაწმენდად და დეზინფექციის ჩასატარებლად არ შევიდეს.“

 

ბიოლოგიის დოქტორი ჯილეხის გამოვლენის შემთხვევებში ფერმერებს ურჩევს ვეტერინარებს მიმართონ, მოულოდნელად დავარდნილ საქონელს კი, ხელით არ შეეხონ, აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ადგილი, სადაც ჯილეხით დაავადებული ცხოველი ან მისი რომელიმე ნაწილი მოხვდება, სათანადო დამუშავების გარეშე დაავადების კერად და ადამიანისთვის საშიშ ზონად მიიჩნევა, თუ საქონელი ჯილეხით დაიღუპება, მისი დამარხვა არ შეიძლება.

 

„იმ შემთხვევაში, თუ სოფელში ჯილეხის შემთხვევა გამოვლინდა, ეს არ გულისხმობს სხვა ცხოველების დაინფიცირებას, რადგან ვაქცინირებული პირუტყვი დაცულია დაავადებისაგან. ნებისმიერი ადგილი, სადაც ჯილეხით დაავადებული ცხოველი ან მისი რომელიმე ნაწილი მოხვდება, სათანადო დამუშავების გარეშე ითვლება დაავადების კერად, ადამიანისთვის საშიშად. თუ საქონელი ჯილეხით დაიღუპა, მისი დამარხვა არ შეიძლება, უნდა დაიწვას ცხოველის ლეში, დაინფიცირებული ნაკელიც და გაკეთდეს სპეციალური სანაცია“.

 

გადაბეჭდვის წესი