მთიანი აჭარა

უფასო სადილი შერჩევით

01.03.2014 • 1444
უფასო სადილი შერჩევით

 

 

მოხუცი და პატარა ცალკე თეფშს არ ითხოვენ. მათ არ იციან, მისცემენ თუ არა ცალკე თეფშს. ისინი იმითაც კმაყოფილები არიან, რომ ერთი თეფშიდან ჭამის უფლება აქვთ.

 

ყოველდღიურად, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამით, აჭარის მაღალმთიანეთში უკიდურესად შეჭირვებული 106 ადამიანი სარგებლობს. არის შემთხვევები, როდესაც უფასოდ სოციალურად დაუცველი ოჯახის მხოლოდ ერთი ან ორი წევრი სადილობს, იმავე ოჯახის სხვა წევრებს კი საჭმელზე უარს ეუბნებიან.

 

მუნიციპალიტეტებში ადასტურებენ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ზოგიერთ წევრს არ აქვს უფასო სასადილოში კვების უფლება. ასეთია, მაგალითად, შუახევის ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ნაზიბროლა დევაძის სამსულიანი ოჯახი. სახელმწიფომ მძიმე სოციალური პირობების გამო ოჯახს საარსებო შემწეობა დაუნიშნა და სოციალურად დაუცველთა ბაზაში დაარეგისტრირა. ამის მიუხედავად ადგილობრივმა გამგეობამ უფასო მუნიციპალურ სასადილოს პროგრამაში ოჯახის სამი წევრიდან უფასო სადილი მხოლოდ ორი წევრისთვის გაითვალისწინა.
„ორი შვილი მყავს, სკოლის მოსწავლეები არიან. ოჯახში არავინაა დასაქმებული, ფულის შემომტანი არ გვყავს, ჩვენი შემოსავალი საარსებო შემწეობაა. რადგან მიჭირს, ვითხოვე უფასო სადილი, მაგრამ მხოლოდ მე და ჩემი ერთი შვილი ჩაგვსვეს პროგრამაში, მითხრეს _ მესამეს ვერ ჩავსვამთო. უფასო სადილი კარგია, მაგრამ როცა ოჯახს უჭირს, ყველას უნდა მისცე სადილი. დღეში ერთხელ არის, მაგრამ მაინც კარგია, დილით და საღამოს სახლში ჩაის დალევ, შუადღეზე კერძს მაინც გაჭმევენ,” _ ამბობს ნაზიბროლა დევაძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალურ საკითხთა,   მიგრაციისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ამბობს, რომ უფასო სადილის მიღების მთხოვნელი ბევრია, რის გამოც პროგრამაში ოჯახის ყველა წევრი ვერ ხვდება.

 

„უფასო სადილის მიღების მსურველი გაცილებით ბევრია, ვიდრე პროგრამით გათვლილი ბენეფიციართა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ოჯახის ყველა წევრი ვერ ხვდება, მხოლოდ ერთი ან ორი წევრი იღებს სადილს. პროგრამა 42 ბენეფიციარზეა გათვლილი, ამ ეტაპზე 40 ბენეფიციარი გვყავს, განცხადებების მიღება გრძელდება. სოციალური სახლის მცხოვრებლებიდან შემოდის განცხადებები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია პროგრამაში კორექტირების შეტანა და მეტი ბენეფიციარის ჩართვა”, _ ამბობს ზაზა ზოიძე.

 

სოციალურად დაუცველი ფენისთვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარი, ნაზიკო ჯაბნიძე ამბობს, რომ უფასო სადილი ქედის გამგეობას შვილიშვილისთვისაც სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

 

„ბავშვი მეხუთე კლასშია, გასულ წელს ვთხოვე მისთვისაც მიეცათ სადილი, მაშინ მითხრეს ბავშვი პატარაა და ვერ ჩავსვამთ პროგრამაშიო. წელს ისევ ვთხოვე, მითხრეს, პროგრამა შედგა და ვეღარ შევიყვანთო,” _ ამბობს ნაზიკო ჯაბნიძე.
ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ამბობს, რომ უფასო მუნიციპალურ სასადილოს 26 ბენეფიციარი ჰყავს. მისი თქმით, სადილს ყველა მთხოვნელი იღებს:

 

„ბავშვის კვებასთან დაკავშირებით ჩვენთვის განცხადებით არავის მოუმართავს, განცხადება რომ შემოსულიყო, ასეთ შემთხვევაში ვიმსჯელებდით. დაკმაყოფილდებოდა თუ არა მოთხოვნა, პასუხი არ მაქვს, რადგან ბავშვს განსხვავებული კვება სჭირდება. ვინც მოგვმართა, ყველა განცხადება დავაკმაყოფილეთ”.

 

ხულოში ანალოგიური პროგრამით 40 ბენეფიციარი სარგებლობს. ხულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, მევლუდ წულუკიძის თქმით, პროგრამას ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 300 ლარით გაიზარდა.
მევლუდ წულუკიძის ინფორმაციით, მათთან არ ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, როდესაც სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს შერჩევით აქვთ უფასოდ სადილობის უფლება: `არის ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ მაღალი ქულა, მაგრამ უჭირთ და მოგვმართავენ სადილის მიღების თხოვნით. ასეთ ოჯახებს ვამოწმებთ: კომისია ადგენს, ეკუთვნის თუ არა ოჯახს უფასო სადილი და, შესაბამისად, გავცემთ ნებართვას. არიან ოჯახები, რომელთა მხოლოდ ერთი წევრი ითხოვს სადილს, მაგრამ არიან ისეთებიც, საიდანაც ორი ან სამი წევრი მოგვმართავს თხოვნით. ისე ვაკეთებთ, რომ ოჯახში არავინ დარჩეს მშიერი”.

 

უფასო მუნიციპალური სასადილოს პროგრამის დაფინანსებისთვის წელს შუახევში 38 000 ლარი, ხულოში _ 35 400, ქედაში კი _ 28 470 ლარია გამოყოფილი. ერთი ბენეფიციარის კვებისთვის ქედაში დღეში 3 ლარს ხარჯავენ, აქედან საკვებზე იხარჯება 2,10 ლარი, ხოლო 90 თეთრი ხმარდება სხვა ხარჯებს. იმავე მიზნით შუახევის მუნიციპალიტეტში დღეში 2,48 ლარი იხარჯება, აქედან ერთი პირის სადილის მომზადებაზე ყოველდღიურად გათვალისწინებულია 1, 80 ლარი, სხვა ხარჯისთვის _ 68 თეთრი.

 

ხულოს მუნიციპალიტეტი ერთი სოციალურად დაუცველის სადილისთვის დღეში 2,42 ლარს ხარჯავს. აქედან სადილზე იხარჯება 1, 88 ლარი, ხოლო სხვა ხარჯებზე _ 54 თეთრი.

 

კვირა დღეს უფასო სასადილო არ მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი