Batumelebi | ცხრა ათასი ლარი ქედაში ახალი წლის შესახვედრად ცხრა ათასი ლარი ქედაში ახალი წლის შესახვედრად – Batumelebi
RU | GE  

ცხრა ათასი ლარი ქედაში ახალი წლის შესახვედრად



საახალწლო ღონისძიებებზე აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე მეტი თანხა ქედის მუნიციპალიტეტმა გახარჯა, საახალწლო განწყობის შექმნის მიზნით ქედის გამგეობამ მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაძვის ხის მოსაწყობად, საშობაო კონცერტის ინვენტარისა და 10 თემის ადმინისტრაციული შენობებისთვის ნაძვისხეების შესაძენად 12 800 ლარი გათვალა და ტენდერი აღნიშნულ თანხაზე გამოაცხადა.

 

ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმე „ელიზბარ დისამიძესთან“ ხელშეკრულება 8 987 ლარზე გაფორმდა.

 

,,ბათუმელების“ კითხვაზე, რა თანხა დაუჯდა საახალწლო ნაძვისხის მოწყობა და შეასრულა თუ არა ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები? – ელიზბარ დიასამიძე კომენტარს არ აკეთებს.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, თამაზ დიასამიძე შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია. მისივე განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ ქედის ცენტრში ბუნებრივი ნაძვი მორთო, ნაძვის ხის მოჭრის უფლება კი ბუნებრივი რესურსების სააგენტომ გასცა.

 

ქედისგან განსხვავებით საახალწლო განწყობის შექმნა ნაკლები დაუჯდა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს, ხულოში 4 600 ლარი გაიხარჯა, შუახევში კი – 6000 ლარი.

 

,,საახალწლო ღონისძიებების გამართვისთვის ტენდერი 7000 ლარზე გამოვაცხადეთ, გამარჯვებულ შპს-თან ხელშეკრულება  6 000 ლარზე გაფორდა. წინა წლეებში 8-9 ათასი ლარი იხარჯებოდა, წელს ნაკლები დავხარჯეთ და უფრო კარგი ღონისძიებები გავმართეთ.

მართალია, კარგია, რაც უფრო ხარისხიან ღონისძიებებს გამართავ, მაგრამ დღევანდელობის ფონზე ვფიქრობ, რომ 8-9 ათასი ლარის გახარჯვა საშობაოდ ისეთი მუნიციპალიტეტისთვის, რომლის ბიუჯეტი, ძირითადად, ტრანსფერზეა დამოკიდებული, ძალიან დიდია“, – აცხადებს შუახევის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი რომან ფუტკარაძე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე