Batumelebi | სოფელი ბარათების რიგში სოფელი ბარათების რიგში – Batumelebi
RU | GE  

სოფელი ბარათების რიგში


საქართველოს მთავრობის საგაზაფხულო პროგრამა, რომელიც მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობას ითვალისწინებს, უკვე დაწყებულია. აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლებში კი ჯერ კიდევ არ აქვთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რა კრიტერიუმებით გასცემს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო ბარათებს. გლეხებმა დაზუსტებით არც ის იციან, რა მომსახურებას ითვალისწინებს ბარათი და როგორ შეიძლება მისი გამოყენება. ამ საკითხებზე განმარტებები ბათუმელებთანაჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იოსებ აბულაძემ გააკეთა. 


მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რა კატეგორიის ფერმერისთვის არ ითვალისწინებს პროგრამა სასოფლო-სამეურნეო ბარათის გაცემას, ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმის მოსახლეობისგან, შეგიძლიათ აუხსნათ მომხმარებელს, რა პრინციპით ნაწილდება ბარათები?

-სასოფლო-სამეურნეო ბარათის გარეშე არც ერთი ფერმერი არ დარჩება. საუბარი ალბათ ეხება ბარათის სახეობებს, რომელიც ნაკვეთების ზომების მიხედვით არის დაჯგუფებული. პირველ ჯგუფში ერთიანდება 0,25 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთები, რასაც ერთწლიანი კულტურის მოსაყვანად იყენებენ. მეორე ჯგუფი აერთიანებს  ფერმერებს, რომლებსაც ჯამურად 0,25 ჰა- დან 1, 25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სახნავი მიწა გააჩნიათ. მესამე ჯგუფში კი 1, 25 ჰა- დან 5 ჰა – ნაკვეთების მფლობელები ერთიანდებიან, რაც იშვიათია აჭარაში. ამ მოცულობის ნაკვეთები თითქმის არ აქვთ.  ბარათებიც ამ ჯგუფების მიხედვით ნაწილდება და სხვადასხვა სახის მომსახურებას ითვალისწინებს. ორი ტიპის ბარათები ნაწილდება კომბინირებული და ნომინალური.

 

 

რომელი  რა სახის დახმარებას ითვალისწინებს?

– ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა. ხოლო კომბინირებული ბარათი ნაკვეთის ხვნის და ხნულის დაფარცხვა-გაფხვიერების მომსახურებასა  ითვალისწინებს, და ასევე მოიცავს  ნომინალურ ბარათს.

 

 

ჯგუფების მიხედვით, ვინ რა სახის დახმარებას მიღებს?

– პირველ ჯგუფში გაერთიანებული ფერმერი, ანუ ის, ვისაც გააჩნია 0.25 ჰა-მდე ფართობი და ერთწლიანი კულტურის მოსაყვანად იყენებს ან აქვს იმავე ფართობის ნაკვეთი და მრავალწლიანი კულტურებისთვის იყენებს, მიიღებს 100 ლარის ღირებულების ნომინალურ ბარათს, რაც სასოფლო-სამეურნეო იარაღების, სასუქების, პესდიციტების  შეძენას ითვალისწინებს.

0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სახნავი მიწის მფლობელები კი კომბინირებულ ბარათთან ერთად ნომინირებულ ბარათს მიიღებენ, რომლის ღირებულებაც მათი ჯამური ნაკვეთის ფართობის პროპორციული იქნება, 1

 

იმ შემთხვევაში კი, თუ მესაკუთრეს ჯამურად 0,25 ჰა-დან 1,25-ის ჩათვლით  ფართობის მიწის ნაკვეთი გააჩნია, რასაც მხოლოდ მრავალწლიანი ნარგავებისთვის იყენებს, მიიღებს ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლის ღირებულებაც იქნება მათი ნაკვეთების ფართობის პროპორციული ერთ ჰექტარზე 510 ლარის გადაანგარიშებით.

რაც შეეხება მესამე ჯგუფს, რაც იშვიათია ჩვენს შემთხვევაში, 1, 25 დან 5 ჰა-ს ჩათვლით მფლობელები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ ბარათს.

 

 

 

 

რამ გამოიწვია შემთხვევები, როცა ფერმერებმა ბარათები უკან დააბრუნეს. რატომ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება?

– თავიდან დაიწყო კომბინირებული ბარათების დარიგება, რაც ტექნიკით მომსახურებას ითვალისწინებდა, მაღალმთიან აჭარაში კი ხშირად ნაკვეთები ტექნიკისთვის მიუდგომელია, ამიტომ მათ ამ ბარათებით სარგებლობა ვერ შეძლეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტო  განხორციელებს, რომელიც ამ პროგრამას კურირებს, ამ ფერმერებისგან ბარათებს უკან იბრუნებს და სამაგიეროდ ნომინირებულ ბარათებს გასცემს, რაც მათთვის გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელია. სხვა მხრივ პრობლემები არ შექმნილა.

 

 

როგორც ვიცით, აჭარაში მოსახლეობა ძირითადად მამაპაპისეულ ტრადიციულ მიწის ნაკვეთებს ფლობს, რაც არ აქვთ ოფიციალურად რეგისტრირებული. ამ შემთხვევაში მათ ბარათის მიღებისას პრობლემა ხომ არ ექმნებათ?

– არანარად. ეს საკითხი გათვალისწინებულია. ყველა მოქალაქე, რომელსაც ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს ნაკვეთი, მიიღებს სასოფლო-სამეურნეო ბარათს, მას მხოლოდ სოფლის რწმუნებულის მხრიდან დასჭირდება დადასტურება იმისა, რომ მის მიერ მითითებული ნაკვეთი ნამდვილად მის ან მისი ოჯახის საკუთრებაში ან სარგებლობაშია. სააგენტოს წარმომადგენლები ბარათებს სოფლის რწმუნებულების მონაწილეობით გადასცემენ ფერმერებს.

 

 

ბარათით გათვალისწინებული მომსახურების გადანაწილება, ან ფულზე განაღდება შესაძლებელია?

– არა. ეს თანხა უნდა მოხმარდეს მიწის დამუშავებას. თანაც ბარათის მფლობელმა უნდა მიიღოს ბარათით გათვალისწინებული სრული მომსახურება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე