მთიანი აჭარა

რა შეცვალა რეფორმამ სკოლაში

28.12.2012 • • 2383
რა შეცვალა რეფორმამ სკოლაში

ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს. რამდენიმე წლის წინ სკოლაში 167 პედაგოგი მუშაობდა, თუმცა 2007 წელს, როცა რუსული სექტორი დაიხურა, 76 პედაგოგი სამსახურის გარეშე დარჩა. სკოლაში შენარჩუნდა სომხური სექტორი, სადაც 30-მდე მოსწავლე სწავლობს. სკოლას ჰყავს გადამზადებული პედაგოგებიც, მათ შორის სამი პედაგოგი ათასლარიან ხელფასს იღებს.

სკოლის დირექტორის, ნუგზარ სურმანიძის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც 2005 წლიდან დღემდე სასწავლო სისტემაში განხორციელდა, ეს ეროვნული გამოცდებია. „ფაქტობრივად, ამ გამოცდებმა მოაბრუნა სკოლა სწავლისკენ“ _ ამბობს ის. დირექტორი შემდეგ დადებით ნაბიჯად კი საატესტატო გამოცდებს მიიჩნევს. „ორი წელია საატესტატო გამოცდები შემოვიდა და სწავლის დონემაც მოიმატა. საშუალო ქულა 7,4 მეათედი იყო. გაიზარდა სწავლის მოტივაცია. ბავშვები უფრო მობილიზებულნი გახდნენ. თუმცა, ფორმა მაინც დასახვეწია. ვფიქრობ, მარტო ტესტები არ არის საკმარისი, ბავშვს თემის დაწერა და მსჯელობაც უნდა შეეძლოს“.

მესამე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც დირექტორი საუბრობს, სკოლაში მანდატურის ინსტიტუტის შესვლაა, რომელმაც თავდაპირველად დისონანსი შეიტანა სკოლაში, თუმცა დღეს მათი ფუნქციები შეიკვეცა: „აღარ ერევიან სასწავლო პროცესებში, სხვა მხრივ, მათი არსებობა სკოლას ხელს არ უშლის“ _ ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

დირექცია არ ფლობს ინფორმაციას, მანდატურის სამსახურის დებულების შესახებ, „გვეუბნებიან, უფლება-მოვალეობები შეგვიზღუდესო, თუმცა ვინ, ან რომელ დოკუმენტში შევიდა ეს ცვლილება, არ ვიცით“.

რას აპროტესტებენ პედაგოგები

ლიტერატურის მასწავლებლის, ლელა სულიაშვილის აზრით, რეფორმას ყოველთვის ახლავს ხარვეზები, მაგრამ ყველაზე დიდი ხარვეზი, რომელიც დღეს სკოლისთვის პრობლემად იქცა, სახელმძღვანელოების შერჩევაა. „ამ ხნის მანძილზე ეს პროცესები ვერ დარეგულირდა. ვფიქრობ, მონოპოლიის პრობლემაცაა და გვიჭირს ამასთან ბრძოლა, რადგან პედაგოგი ვერ ირჩევს იმ სახელმძღვანელოს, რომელიც მას მოსწონს. არჩევანი აუცილებლად სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის უნდა გავაკეთოთ“. ლელა სულიაშვილის აზრით, გამოცემული სახელმძღვანელოები მოსწავლის ასაკობრივ დონეს არ პასუხობს. „სახელმძღვანელოები მოითხოვს ბევრი ინფორმაციის მოძიებას, რაც პრობლემაა. გარდა ამისა, წიგნებში, ფაქტობრივად, უგულებელყოფილია გრამატიკული ნაწილი, რაც დიდ შეცდომად მიმაჩნია. იძულებული ვართ პედაგოგებმა საკუთარ თავზე ავიღოთ ენის სწავლება და ერთი დღე ჩვენ თვითონ გამოვყავით ენის გაკვეთილებისთვის“.

სახელმძღვანელოების შინაარსსა და ხშირ ცვლილებებს რეფორმის სუსტ წერტილად მიიჩნევს გეოგრაფიის მასწავლებელი მზია პაპავაც: „სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ ის რაც უნდა იყოს საფუძველი, არ არის და არის მხოლოდ ზედნაშენი. ამის გამო ჭირს საგნის სრულფასოვანი სწავლაც და სწავლებაც. მე-11 კლასში ვსწავლობთ გლობალურ გეოგრაფიას, მაშინ როცა შარშან მსოფლიო გეოგრაფიის ძირითადი კურსი უნდა გვესწავლა, მაგრამ ამოიღეს პროგრამიდან. დარწმუნებული ვარ, საატესტატო გამოცდაზე შეტანილი იქნება საკითხები იმ საგნიდან, რომლებიც წელს ამოიღეს“.

სკოლის დირექტორი ნუგზარ სურმანიძე, რომელიც ამავე დროს ფიზიკის მასწავლებელია, ამბობს, რომ სახელმძღვანელოების შერჩევა ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება: „კანონით ასეა განსაზღვრული. გრიფირებული წიგნების ავტორებთან სწავლის დაწყებამდე ხდება შეხვედრა, წელს ჩვენს სკოლაში იყო ეს შეხვედრა დაგეგმილი. შეხვედრის შემდეგ სკოლები თვითონ წყვეტენ, სამინისტროს მიერ შერჩეული ავტორებიდან რომელი აირჩიონ“.
წელს განათლების სამინისტრომ სკოლის სახელმძღვანელოების გაყიდვის უფლება წიგნის მაღაზიებს აღარ მისცა, ბათუმში მხოლოდ რამდენიმე სკოლაში იყიდებოდა სახელმძღვანელოები, რამაც მშობელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ რამდენიმე დღის განმავლობაში უწევდათ რიგში დგომა საჭირო წიგნების შესაძენად. იყო შემთხვევები, როცა ყველა სახელმძღვანელოს შეძენას ერთდროულად ვერ ახერხებდნენ და იძულებულნი იყვნენ, შემდგომ დღეებშიც მდგარიყვნენ რიგში.

სკოლა, მშობელი და სახელმწიფო _ ვინ არის პასუხისმგებელი ცოდნაზე?

პედაგოგების განცხადებით, რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელსაც კლასში მოსწავლეთა კონტინგენტი უნდა განესაზღვრა, არ შესრულებულა. რეფორმა კლასში მაქსიმუმ 25 მოსწავლის ყოფნას ითვალისწინებდა, ამჟამად კი კლასებში 30-35 მოსწავლეა, რაც პედაგოგების აზრით, სერიოზული პრობლემაა. ამ მოთხოვნების დაცვას, როგორც დირექტორი ამბობს, მხოლოდ დაწყებით კლასებში ახერხებენ.
„როცა ვთქვით, რომ ენის გაკვეთილების ჩატარება საკუთარ თავზე ავიღეთ პედაგოგებმა, ეს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, პასუხისმგებელნი მოსწავლის ცოდნაზე ჩვენ ვართ. ეს ტვირთი სახელმწიფომ დაგვაკისრა და აიცილა თვითონ, მაშინ, როცა სახელმძღვანელოები და ზოგადად, სისტემა უნდა აწესრიგებდეს ამ პროცესს“ _ ამბობს ლიტერატურის მასწავლებელი.

„როცა 35 მოსწავლე ზის კლასში, ეს სასწავლო პროცესს უშლის ხელს. იმიტომ, რომ რთულია ყველა ბავშვთან თანაბრად იმუშაო. თუ მოაკლდება რომელიმეს ხელი, პასუხი მაინც პედაგოგს მოეთხოვება“ _ ამბობს მზია პაპავა. იგი განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობას სხვა მხრივაც აყენებს: „სახელმძღვანელოების ხშირი ცვლის გამო გარკვეული სასწავლი კურსი პროგრამიდან ვარდება, შემდეგ კი ჩვენ, პედაგოგები, ვცდილობთ ჩვენი ძალებით ამოვქაჩოთ როგორმე. ამას ენთუზიაზმით ვაკეთებთ, რადგან როცა ბავშვი ჩაიჭრება გამოცდაზე, მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ბრალია. თუმცა, ასე არ მოხდებოდა სახელმძღვანელოები რომ არ ყოფილიყო არასწორად შედგენილი. რეფორმა მოქმედ პედაგოგებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს და არა ზემოდან“.

„რაც არ უნდა ვიმართლოთ თავი, ვფიქრობ, სწავლის ხარისხზე პასუხისმგებელი მაინც პედაგოგია. არის მშობლის პასუხისმგებლობაც, მაგრამ დღეს ისეთი ცხოვრებაა, როცა მშობელი ძირითადად შემოსავალზეა ორიენტირებული და ნაკლებ ყურადღებას აქცევს შვილის სწავლას. რამდენჯერ ვთხოვე, მოდით, გაკვეთილებს დაესწარით-მეთქი, მაგრამ არ სცალიათ. დაბალ კლასებში უფრო აქცევენ ყურადღებას“ _ ამბობს სკოლის დირექტორი.
პედაგოგები პრობლემას ხედავენ მეთოდური სახელმძღვანელოების კუთხითაც.

სკოლა და სახელმწიფო წნეხი

როგორც სკოლის დირექტორი, ასევე პედაგოგებიც მიიჩნევენ, რომ სკოლა განათლების რეფორმამ სახელმწიფო წნეხისგან გაათავისუფლა, თუმცა იყო პერიოდი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი, როცა სკოლა მოქცეული იყო პოლიტიკური წნეხის ქვეშ, რაც გამოიხატებოდა პედაგოგების იძულებით გაყვანაში მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ საარჩევნო შეხვედრებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე: „მიუხედავად იმისა, რომ რეფორმამ მოგვცა დამოუკიდებლობა, მაგალითად, თვითონ ვგეგმავთ ბიუჯეტს, ვწყვეტთ მასწავლებლის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს და გვაქვს შიდა განაწესი, რითაც ვმართავთ სკოლას, ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით პოლიტიკური ნიშნით, მაინც არსებობდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში“ _ ამბობს დირექტორი.

პედაგოგების აზრით, სახელმწიფოს მხრიდან სკოლაზე კონტროლის შენარჩუნების მექანიზმი იყო მანდატურის ინსტიტუტის შემოღებაც, რომელსაც შს სამინისტრო აკონტროლებდა განათლების სამინისტროსთან ერთად.
პედაგოგები ფიქრობენ, რომ ზეწოლის ფორმად გამოიყენებოდა საატესტატო გამოცდებიც. „გათავისუფლებით გვემუქრებოდნენ და ბევრი სკოლის დირექტორიც გაუშვეს ამ მიზეზით“.

სხვა მხრივ პედაგოგები სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას სკოლაში არ განიხილავენ: „ერთადერთი, რაშიც ისევ მიბმული ვართ სახელმწიფოზე, არის ვაუჩერების და ხელფასების საკითხი, სახელმძღვანელოები და სკოლის ქონების იჯარა-გაქირავება, სადაც სამინისტროს ნებართვა გვჭირდება. საკანცელარიო და სხვა ტიპის ქონების შეძენის საკითხს სკოლა თვითონ წყვეტს. ტენდერსაც სკოლა აცხადებს, თუკი 5 000 ლარს ზემოთ შესყიდვა ხორციელდება“ _ ამბობს დირექტორი.

2007 წელთან შედარებით, შესუსტებულია სამეურვეო საბჭოების აქტიურობა. როგორც დირექტორი ამბობს, თავდაპირველი ბუმი გამოწვეული იყო იმით, რომ დირექტორებს საბჭოს წევრები ირჩევდნენ და ყველა კანდიდატი ცდილობდა საკუთარი მომხრე შეეყვანა საბჭოში. დღეს ეს ინტერესი დაკარგულია. „არც მშობლები აქტიურობენ ძალიან, 13 წევრიდან რვაა დარჩენილი“. საბჭოს წევრების განახევრების მიზეზად დირექტორი დამამთავრებელ კლასებს ასახელებს. `კანონით მე-12 კლასის მოსწავლეების მშობლები საბჭოში აღარ ირიცხებიან~. საბჭოს ერთ-ერთი წევრი ბეჟან დავითაძე მიიჩნევს რომ სამეურვეო საბჭო წინა წლებთან უფრო ქმედითია: „მაგალითად შარშან გადავწყვიტეთ გათბობის საკითხი. ვწყვეტთ დისციპლინარულ საკითხებსაც“.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გულნაზ ჯაფარიძის აზრით, სკოლა გაცილებით თავისუფალია დღეს, ვიდრე რეფორმამდე. „სკოლაში შექმნილია სამოქალაქო კლუბები, სადაც ბავშვები ბევრ თემაზე თვითონ მუშაობენ. იღებენ ფილმებს, პროექტებს წერენ და აქვთ წარმატებებიც. მე, როგორც ბიბლიოთეკათმცოდნე, ვფიქრობ, რომ სამოქალაქო განვითარების კუთხით, მოსწავლეებს მეტი სახელმძღვანელო სჭირდებათ, რადგან არის ამის მოთხოვნილება.“

სამოქალაქო კლუბები სკოლებში UშAID-ის ხელშეწყობით შეიქმნა. პედაგოგებიცა და მოსწავლეებიც მიიჩნევენ, რომ ეს სკოლის თავისუფლებაზე მეტყველებს.

დირექტორის თქმით, სკოლის დამოუკიდებლობა განსაზღვრავს ამა თუ საგნის სწავლების საკითხსაც, „მაგალითად, ვასწავლით საგანს „ტოლერანტობა“. მიუხედავად საკანონმდებლო აკრძალვისა, სკოლაში მაინც არსებობს რელიგიური (მართლმადიდებლური) კუთხე, მაშინ როცა, სკოლა ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანია.

შეფასება

განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მიიჩნევს, რომ 2012 წლის მდგომარეობით, სკოლები არიან ნაკლებ დამოუკიდებელნი, ვიდრე 2008 წელს: „2005 წელს იყო მიღებული ზოგადი განათლების შესახებ კანონი, რომელმაც სისტემაში მოახდინა ცვლილება. ამ კანონის მიხედვით, სკოლის ავტონომიურობა 2005 წლის რედაქციით გაიზარდა, იგულისხმება სამეურვეო საბჭოს და დირექტორების არჩევა, მაგრამ შემდგომ პერიოდში, დეკლარირებული ავტონომიის შეზღუდვა დაიწყო 2009 წლის მიწურულიდან და გაგრძელდება დღემდე. 2012 წლის მდგომარეობით, სკოლები არიან ნაკლებ დამოუკიდებელნი, ვიდრე 2008 წელს. ვგულისხმობ დირექტორების არჩევის პროცესს. მაგრამ არიან უფრო დამოუკიდებელნი, ვიდრე 2001 წელს. ზოგადად, რეფორმამ წარმატება გვაჩვენა, სხვა საკითხია მიმდინარეობის პერიოდში მომხდარი ცვლილებები როგორი იყო. თუმცა განათლების სისტემა არის მუდმივად რეფორმირებული სისტემა, თუ არ ვითარდება, ჩათვალეთ, რომ ის მკვდარია.“

გადაბეჭდვის წესი