სიახლეები

„საქართველოს ევროპული გზა“ – კონფერენცია ბათუმში

11.07.2014
„საქართველოს ევროპული გზა“ – კონფერენცია ბათუმში

კონფერენცია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა ეძღვნება, ასევე, განიხილება აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული გამოწვევები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიის განხორციელების გზები.

კონფერენციაში საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ნიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია ბარამიძემ კონფერენციაზე საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით არსებული პრობლემების თემა წამოაყენა. მისი თქმით წინა ხელისუფლების დროს, მიუხედავად დიდი სირთულეებისა, საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით კარგი სიტუაცია იყო : „გასული წლები იყო როგორც წარმატების, ისე შეცდომების წლები. დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველო არ იყო იდეალური ადგილი, მაგრამ არასოდეს ყოფილა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მთავარი ოპოზიციის ლიდერები დაეპატიმრებინათ. ჩვენ არ ვართ არანაერი საქმის გამოძიების წინააღმდეგი, მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა კითხვას, რათა გაირკვეს თუ ვინ არის მართალი და ვინ ცდება, უბრალოდ ვერ ვხვდებით მიზეზს, რატომ იქცევა ასე ის ხელისუფლება, რომელმაც  ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, იმავდროულად ნაცვლად საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და ვინც გარკვეული სტანდარტების ამაღლებისა, არჩევნების პერიოდში, ოპოზიციის ლიდერს აპატიმრებს.

მინდა გთხოვოთ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ იმავე სტანდარტებით მოეჰყრათ ახლანდელ ხელისუფლებას, როგორც ეს ჩვენს დროს ხდებოდა.

შემიძლია წარმოვიდგინო რა მოხდება და რა კომენტარებს გავიგონებ ხვალ, თუ არჩევნების მეორე ტურზე, ოპოზიციური პარტიის მთავარ ლიდერსაც დააპატიმრებენ. ამიტომ მინდა გთხოვოთ ყველას, რომ დაეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას სწორი ნაბიჯების გადადგმაში, არ მისცეთ საშუალება დაუშვან დამღუპველი შეცდომები.“ – განაცხადა გია ბარამიძემ. 

გია ბარამიძის საპასუხოდ,  ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ “ქართველებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაითავისონ, რომ ამ ქვეყანაში არც ერთი ადამიანი არ დგას კანონზე მაღლა”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.