სიახლეები

„ელექტრას“ პრემიერა ბათუმში

14.02.2014
„ელექტრას“ პრემიერა  ბათუმში

 

 

მიშა, რატომ გადაწყვიტეთ ანტიკური ტექსტის დადგმა?

 

იმიტომ, რომ ანტიკური ტექსტი ყოველთვის ახალია, არ  ძველდება, გაძლევს შენი ვერსიების განხორციელების საშუალებას და ეს ძალიან საინტერესოა. გარდა ამისა, მე მგონია, რომ ეს თემა აქტუალურია. `ელექტრა~ ღიად პოლიტიკური პიესაა და ლაპარაკია არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, არამედ ზოგადად ანგარიშსწორებაზე. ჩემი აზრით, დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პარალელურად თეატრიც უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში.

 

მედიასთან აღნიშნეთ, რომ ეს სპექტაკლი არის აგრესიული პროტესტი. რას აპროტესტებთ?

 

 

ვაპროტესტებ იმას, რაც ამდენი წელია ხდება ჩვენს თავს, რომ არაფრით არ დამთავრდა, არ დალაგდა და ვერ დაიწყო ქვეყანამ ნორმალურად ცხოვრება. მე არ ვიცი კონკრეტულად ვისკენ არის ეს პროტესტი მიმართული, ერთი მხრივ საზოგადოებისკენ, მეორე მხრივ პოლიტიკისკენ, ქვეყნის მმართველობისკენ, რომელმაც ვერ მოახერხა ის, რომ ქვეყნისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეექმნა.

 

 

მე 1990 წელს დავიბადე, იქედან მოყოლებული მთელი ქვეყანა არის პოლიტიზებული, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ, უბრალოდ, არ შეუძლიათ ამის გარეშე იცხოვრონ და ყოველდღიური რეალობა არის ის, რომ აინტერესებთ რა ჰქვიათ იმ ადამიანებს, ვინც მათ ცხოვრებას განაგებენ. ჩემთვის ეს სპექტაკლი აგრესიული პროტესტი იქნება იმიტომ, რომ მგონია, ასეთ ისტორიაში, როგორც ჩვენ, ქვეყნის ცხოვრება ბოლო 20-24 წელია ვითარდება, არ შეიძლება მშვიდად ვისხდეთ და ვლაპარაკობდეთ გრძნობებსა ან მოვლენებზე. ამიტომ გადავწყვიტე ზუსტად ამ ტექსტის დადგმა, მინდა, რომ დავსვა საკითხები და მოვთხოვო, პირველ რიგში საზოგადოებას პასუხი ამაზე, რატომ არის ჩვენი ცხოვრება ასეთი, რატომ ვერ ვახერხებთ მშვიდად ცხოვრებას.

 

 

რას უნდა ელოდეს მაყურებელი?

 

 

რა თქმა უნდა, სპექტაკლი კლასიკური დადგმისგან ძალიან შორსაა. ეს ჩემი ექსპერიმენტია, ვცდილობ, ავიღო კლასიკური ტექსტი და გავაკეთო ამ ტექსტის ახალი, თანამედროვე გააზრება. მაყურებელი უნდა ელოდეს `ელექტრას~ თანამედროვე კონტექსტს, უნდა ელოდეს ანტიკურ პიესას, რომელიც დღესაც, ამდენი საუკუნის შემდეგ, ისეთივე აქტუალურია, როგორც იყო მაშინ და, ჩემი აზრით, კიდევ უფრო აქტუალურიც. უნდა ელოდნენ, რომ ნახავენ ძველ პიესას საკუთარ თავზე, თავიანთ დროზე.

 

 

ვინ ასრულებს სპექტაკლში მთავარ როლს?

 

 

მეგი კობალაძე თამაშობს ელექტრას. სპექტაკლისთვის მუსიკა დაწერა ნიკა ფასურმა, ლევან ოჩხიკიძეა მხატვარი და ეს არის „ელექტრას“ ახალი, ორიგინალი თარგმანი, ტექსტი დათო გაბუნიამ თარგმნა სპეციალურად ამ დადგმისთვის.   

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: