მთავარი,სიახლეები

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი გია აბულაძის კრიტიკაზე

23.01.2017
აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი გია აბულაძის კრიტიკაზე

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, გია აბულაძის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებას მათ დებულება აძლევს.

„თუ გადახედავთ ევროპულ გამოცდილებასაც, ვნახავთ როგორ მუშაობს იქ  დასაქმების ცენტრები. მათი ერთ-ერთი ფუნქციაა იზრუნონ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა სამუშაოს მაძიებლების დასაქმების შესაძლებლობა გაიზარდოს. ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ უმუშევრობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ ადამიანები ნაკლებად კონკურენტუნარიანი არიან შრომის ბაზარზე  და კვალიფიკაციის დონე არის დაბალი“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ ვის გადამზადებას აპირებს დასაქმების სააგენტო ტენდერით, რომლის მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 140 ათასი ლარია, თემურ კახიძე ამბობს, რომ ეყოლებათ პრიორიტეტული ჯგუფები: „უპირატესი მონაწილეობის უფლება აქვთ რამდენიმე მოწყვლად ჯგუფს, ესენი არიან: სოციალური შემწეობის მიმღები ჯგუფი, იძულებით გადაადგილებული პირები, ეკომიგრანტები, შშმ პირები, მათი მეურვეები და ოჯახის წევრები. გასაუბრების დროს თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება ამ ჯგუფების წარმომადგენლებს.

პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებას, გადამზადება ხორციელდება იმ პროფესიებში, რომელზეც მოთხოვნაა  ბაზრის კვლევის მიხედვით. გარდა ამისა, გავაკეთეთ ანალიზი გასული წლის მანძილზე ჩვენთან შემოსული მოთხოვნების საფუძველზე და პოტენციურ დამსაქმებლებთან ჩავატარეთ გამოკვლევა“.

თემურ კახიძის თქმით, გადამზადების პროგრამა ითვალისწინებს უცხო ენის შესწავლას და გარანტირებული სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით გარანტირებულ საწარმოო პრაქტიკას: „უცხო ენაში გადამზადებას დაეთმობა 120 საათი, ამდენივე საათი არის დათმობილი საწარმოო პრაქტიკაზე. 300 საათი აქვს დათმობილი სასწავლო კურსს, რომელიც შეიცავს სასწავლო თეორიას და სასწავლო პრაქტიკას.  ამ პროგრამას იმიტომ ვახორციელებთ, რომ არც ერთ პროფესიულ სასწავლებელს არ გააჩნია მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა, რომელიც იქნება უფასო.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენი ადამიანის დასაქმებას ვარაუდობს ამ პროგრამის დასრულების შემდეგ? – თემურ კახიძე ამბობს, რომ  ყველა დასაქმდება, ვინც პროგრამას სწორად აითვისებს: „ევროკავშირის სტანდარტი არის 30%, თუმცა შარშან ანალოგიური პროგრამის განხორციელების შემდეგ 57% იყო დასაქმებული“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა  ეს პროგრამა იმ პროგრამის ანალოგი, რასაც ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს? – თემურ კახიძემ გვითხრა, რომ – „არა“: „ეს პროგრამა უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის განხილვის დროს იყო წარდგენილი და თუ არ ეთანხმებოდნენ  და ეს პოლიტიკური დივიდენდების მიღების საფუძველი არაა, მაშინ უნდა მოეხდინათ რეაგირება“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: