„ვეხმიანებით პოლიციის პოლკოვნიკსა და განათლების ყველაზე წარუმატებელ მინისტრ გივი მიქანაძეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ არც გამბედაობა ეყო და არც პასუხისმგებლობა, სტუდენტებს შეხვედროდა და უმაღლესი განათლების ე.წ. რეფორმის შესახებ კითხვებზე ეპასუხა“- ასე გამოეხმაურნენ ილიაუნის სტუდენტები დღეს, 25 ნოემბერს, „ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ არ ესმის რატომ ითხოვენ მასთან შეხვედრას სტუდენტები, როცა „ილიაუნის ხელმძღვანელობამ ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა“ მათთან შეხვედრისას.
სტუდენტების აზრით, მიქანაძე საუნივერსიტეტო საზოგადოების მიერ უარყოფილ რეფორმას სტუდენტებზე ზრუნვად წარმოაჩენს.
„როგორ უნდა დავიჯეროთ ეს, როდესაც 9 თვის განმავლობაში მომზადებული კონცეფცია მხოლოდ 3.5 გვერდს მოიცავს, მის შემუშავებაში კი, განმარტებითი ბარათის თანახმად, ექსპერტები არ მონაწილეობდნენ, კონსულტაციები არ ჩატარებულა და უცხოური გამოცდილებაც არ შესწავლილა?
სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის კვლევები და რეკომენდაციებიც საჯაროდ არ არის წარმოდგენილი.
რატომ უნდა წყვეტდეს სახელმწიფო, რომელ უნივერსიტეტში რომელი მიმართულება იარსებებს? რა განასხვავებს ამ ცენტრალიზებულ მოდელს საბჭოთა საუნივერსიტეტო სისტემისგან? ამ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, მინისტრმა დისკუსიას თავი აარიდა.
მიქანაძე ამბობს, რომ ფაკულტეტები არ დახურულა, თუმცა ათობით პროგრამა მილევად რეჟიმში გადავიდა, ილიაუნის სტუდენტების მიღება კი 92%-ით შეიზღუდა.
როგორ აუმჯობესებს ეს განათლების ხარისხს? სად არის ამის დამადასტურებელი დამოუკიდებელი კვლევა? სად განთავსდებიან თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი გაერთიანების შემთხვევაში?
როგორ გაუმკლავდებიან უნივერსიტეტები 2028 წელს მოსალოდნელ სტუდენტურ ნაკადს? სად არის ფინანსური და ინფრასტრუქტურული გეგმა?“- ეკითხებიან ილიაუნის სტუდენტები გივი მიქანაძეს.
მათი თქმით, უფასო განათლება არ ნიშნავს ხელმისაწვდომ განათლებას, თუ სტუდენტს ართმევ შესაძლებლობას, თავად აირჩიოს უნივერსიტეტი და პროგრამა.
„ამასთან, რეფორმა უხეშად ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ საუნივერსიტეტო ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას. ეს სტუდენტების უფლებებსა და მომავალსაც ეხება.
გივი მიქანაძის არმოსვლა ამ კითხვებს ვერ გააქრობს და ვერც რეფორმას გახდის დასაბუთებულს.
უნივერსიტეტი სტუდენტებს ეკუთვნით და არა ხელისუფლებას. ილიაუნის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა მომავალი თაობების წინაშე.
ვიცავთ ილიაუნის!“ – წერენ სტუდენტები ფეისბუქში.
_____________
ამ თემაზე:
მიქანაძე ირწმუნება, რომ ილიაუნში „არცერთი ფაკულტეტი არ გაუქმებულა“






