მთავარი,სიახლეები •

10 თვეში მშენებლობის მოსაკრებლიდან ბათუმის მერიამ 24 მილიონი ამოიღო – უპრეცედენტო ზრდა

16.11.2026
10 თვეში მშენებლობის მოსაკრებლიდან ბათუმის მერიამ 24 მილიონი ამოიღო – უპრეცედენტო ზრდა

10 თვეში მშენებლობის მოსაკრებლის სახით ბათუმის ბიუჯეტში 24 მილიონ 175 300 ლარი შევიდა. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს ბათუმში უპრეცედენტო ოდენობის ნებართვა გაიცა ან უპრეცედენტო იყო კ2 კოეფიციენტით გაზრდილი ფართობების მოცულობა.

თანხა, 2025 წელთან შედარებით, ფაქტობრივად გაოთხმაგდა – შარშან, 10 თვეში, მშენებლობის მოსაკრებელმა ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონ 187 600 ლარი შეადგინა, ხოლო 2024 წელს, იმავე პერიოდში, 1 მილიონ 903 900 ლარი იყო.

მშენებლობის მოსაკრებელი ბიუჯეტში „სხვა შემოსავლების“ ნაწილშია ასახული.

2026 წლის ბათუმის ბიუჯეტში სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 10 თვეში 115 მილიონ 908 500 ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 131 მილიონ 804 100 ლარი შეადგინა, ეს გეგმის 114 პროცენტია.

სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 33.9%-ს შეადგენს.

ათ თვეში „სხვა შემოსავლების“ ნაწილში  საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მობილიზებულია 10, პროცენტებიდან კი – 8 მილიონი ლარი. რენტის სახით ანუ გაქირავებიდან ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი შევიდა.

ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით, საერთო ჯამში, ბიუჯეტში 84 მილიონი ლარი აისახა, მათ შორის არის მშენებლობის მოსაკრებელიც. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა კი 53 მილიონ 979 ათასი ლარი შეადგინა.

ადგილობრივი მოსაკრებლის სახით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებიდან 4 მილიონ 934 500 ლარი ამოიღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მერიამ ამ კონკრეტული მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებელი გაზარდა, რაც წინა წლებში მერიისთვის გამოწვევა იყო.

სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 26 მილიონ 989 7  ლარი.

ბათუმის საკრებულომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შესვლის შესახებ განცხადება 2 დღის წინ, საღამოს საათებში გამოაქვეყნა. დღეს, 16 ნოემბერს, 12 საათზე კი ბიუჯეტის საჯარო განხილვაა ჩანიშნული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: