მთავარი,სიახლეები • • •

ოჩამჩირის პორტში ბორანის უნებართვოდ შესვლის გამო სასაზღვრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო

09.11.2026
ოჩამჩირის პორტში ბორანის უნებართვოდ შესვლის გამო სასაზღვრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო

სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებულ აფხაზეთში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანის უნებართვოდ, კანონდარღვევით შესვლის გამო გამოძიება დაიწყო.

ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ მიაწოდა.

„მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საზღვაო სივრცის ტერიტორიული ზღვის ნაოსნობისთვის დახურულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვაო აკვატორიაში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირდა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანი FIRUZE G-ი.

აღნიშნული ინფორმაცია ეცნობა სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებმაც მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322¹ მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესვლას,“ – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ კომენტარში.

„ბათუმელებმა“ საქართველოს საზღვაო სივრცეში უნებართვო გადაადგილებისა და ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის შესახებ 6 ნოემბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია.

Firuze G ოჩამჩირის პორტში 31 ოქტომბერს შევიდა და საქართველოს ტერიტორიული წყლები 5 ნოემბერს დატოვა

  • რა ვიცით Firuze G-ის შესახებ

Firuze G სამგზავრო/სატვირთო ბორანია, რომელიც 1979 წელს ააშენეს. სხვადასხვა დროს ბორანს ერქვა Golfo Degli Ulivi, Cenk Y, Cellt9, Cenky და Cek და დაცურავდა პანამისა და თურქეთის დროშების ქვეშ.

ბორანი ამჟამად პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს, მისი ამჟამინდელი რეგისტრირებული მფლობელია GURCAK GEMICILIK INSAAT NAK-ი.

AIS-ზე დაფუძნებული MyShipTracking-ის მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ბორანი ტუაფსეში 41-ჯერ, ხოლო თურქეთში, ქარასუს პორტში, 32-ჯერ იმყოფებოდა, რაც მიუთითებს რუსეთ–თურქეთის მიმართულებით განმეორებით კომერციულ ოპერაციებზე.

ბორანი, სახელწოდებით Firuze G [IMO: 7811329] ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში 31 ოქტომბერს შევიდა. ბორანმა საქართველოს საზღვაო სივრცე 5 ნოემბერს დატოვა.

  • ოჩამჩირის ვიზიტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში საზღვაო ინფრასტრუქტურას ავითარებს. ამ ფონზე ოჩამჩირის პორტი განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.

საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეუძლებელია დადგენა FIRUZE G-ის ოჩამჩირის პორტში ვიზიტი რას უკავშირდება.

კერძოდ, უცნობია, ბორანი რეიდზე იდგა, თუ უშუალოდ ნავსადგურში შევიდა, ჰქონდა თუ არა ტვირთი, ან გადაჰყავდა თუ არა მგზავრები, მოხდა თუ არა ბორნიდან ჩატვირთვა/გადმოტვირთვა ან ხომ არ ჩატარდა სხვა კომერციული ოპერაცია.

ამავე თემაზე:

როგორ შევიდა სატვირთო ბორანი ოკუპირებულ ოჩამჩირეში, სადაც რუსეთს ფლოტისთვის ბაზის აშენება სურს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: