„ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონმდებლობის გამო გერმანულმა ფონდებმა საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ფონდებს შორისაა ადენაუერის ფონდიც.
ეს ის ფონდებია, რომლებიც ქართველ სტუდენტებს სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და კვლევების წარმოებას უფინანსებდნენ როგორც საქართველოში, ასევე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
რა დაკარგეს ამ ფონდების ქვეყნიდან გასვლით ქართველმა სტუდენტებმა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ისტორიკოს გიორგი ჯავახიშვილს ესაუბრა, ილიას უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს, რომელიც ადენაუერის ფონდის სტიპენდიატი იყო 2022-2024 წლებში.
- ბატონო გიორგი, როგორც ვიცით, გერმანულმა ფონდებმა ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან „ოცნების“ კანონმდებლობა აღარ აძლევს მათ ქართველი ახალგაზრდების დაფინანსების საშუალებას. რა დაკარგეს ამით როგორც უნივერსიტეტებმა, ასევე მკვლევრებმა?
ყველაზე დიდი პრობლემა და შეიძლება ითქვას ტრაგედია ამ ფონდების გასვლის შემთხვევაში არის ის, რომ საქართველოში სამეცნიერო კვლევები ფაქტობრივად შეჩერდება.
განსაკუთრებით ადენაუერის ფონდის გასვლის შემთხვევაში გამოჩნდება ეს, რადგან ისინი ხუთზე მეტ მიმართულებას აფინანსებდნენ სამაგისტრო საფეხურზე, მათ შორის ორი ისეთი მიმართულება ჰქონდათ მონიშნული, როგორიცაა რელიგიის კვლევები და თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამების დაფინანსება.
სტუდენტზე გაცემული სტიპენდია შეადგენდა დაახლოებით 300 ევროს, რაც, დამეთანხმებით, რომ საქართველოში მაგისტრატურის სტუდენტისთვის საკმაოდ დიდი თანხაა და ხშირად ის აღემატება ექთნის და ექიმის ხელფასსაც კი.
წარმოიდგინეთ, როცა არქივები ფასიანია საქართველოში და ნებისმიერი სხვა უწყებიდანაც ინფორმაციის გამოთხოვა უწევს მკვლევარს, იქნება ეს ეროვნული არქივი თუ სხვა, ეს სტიპენდია იყო გახსნილი ფანჯარა იმისათვის, რომ ისტორია გეკვლია და დაგემუშავებინა.
უამრავი სტუდენტი მხოლოდ იმიტომ გახდა წარმატებული, რომ ამ ფონდის დახმარებით დიდ დროს უთმობდა მეცადინეობას. შესაბამისად, თუ რამე დაზარალდა ამ ფონდების ქვეყნიდან გასვლით, პირველ რიგში დაზარალდა ქართული სოციალური მეცნიერებები. დაზარალდნენ დამოუკიდებელი მკვლევრები, რომლებიც საქართველოს ისტორიასა თუ კულტურაზე მუშაობდნენ.
გარდა ამისა, მკვლევრებსა და სტუდენტებს ადენაუერის ფონდის ეგიდით შესაძლებლობა ეძლეოდათ გაცვლით კონფერენციებში მიეღოთ მონაწილეობა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებში.
სტიპენდიის მფლობელები მიდიოდნენ პოლონეთში, გერმანიაში ან ჩეხეთში და ეცნობოდნენ თავიანთ თანატოლ, ახალგაზრდა მეცნიერებს, ისტორიკოსებს და გეოგრაფებს, რაც ხელს უწყობდა როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე საქართველოს ცნობადობის გაზრდას.
- ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული ნაბიჯი იმისკენ, რომ სწორედ ისტორიის კვლევისთვის შეეშალათ ხელი და მეორე ის, რომ მოეწყვიტათ ჩვენი განათლების სისტემა ევროპულისგან?
წესით, ნორმალურ, დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობა თავად ზრუნავს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დაფინანსებაზე და მხარს უჭერს ასეთი კვლევების განვითარებას, მაგრამ საქართველოში ისტორიის და თუნდაც ფოლკლორისტიკის, თეოლოგიის დაფინანსება არ ხდება. იმიტომ კი არა, რომ ფული არ არის, პოლიტიკური ნება არ არსებობს.
ნამდვილად გამოიძებნება ხუთი ქართველი ფილოსოფოსის დასაფინანსებელი 1200 ლარი ოთხი წელიწადში, ამის სურვილი რომ არსებობდეს, რადგან იციან, რა ალტერნატივები შეიძლება გამოაჩინოს საზოგადოებრივი ქსოვილის შესწავლამ და ბუნებრივია, ეს არ უნდათ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის უკუსვლით არიან დაკავებული.
ამიტომ, მეცნიერება უნდა მოსპონ, რადგან ის ხსნის სამყაროს და გვაჩვენებს უკეთეს ალტერნატივებს.
- „მოგვმართონ და დავრთავთ დაფინანსების უფლებასო“ – ასე ამბობდა „ოცნების“ ხელისუფლება რუსული კანონების განხილვისას. თუმცა ფაქტია და ეს ჩანს ფონდების განცხადებებიდანაც, რომ მათ არ მისცეს უფლება დაეფინანსებინათ საქართველოში მეცნიერება. იქნებ კონკრეტული მაგალითებით ავუხსნათ მკითხველებს, რა დააკარგვინეს ქვეყანას და რატომ?
მარტივი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, როგორც დემოგრაფიულად, ასევე ლანდშაფტურად. ინგრევა და ნადგურდება ძველი ქართული ძეგლები.
ადენაუერის ფონდის ერთ-ერთი ბოლო პროექტი გახლდათ თრუსოს ხეობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა. არც კი უფიქრიათ კულტურის სამინისტროში, თუ როგორ შეიძლება ამ ხეობის პოპულარიზება, რომ უფრო მეტი ადამიანი ესტუმროს და აღმოაჩინოს თრუსოს ხეობის უამრავი ძეგლი, შესანიშნავი ჩანჩქერები, მთები, მდინარეები და წყაროების სისტემა და ამ ყველაფრის კვლევას აფინანსებდა ადენაუერის ფონდი.
გამოდის, რომ ახლა აღარც ხეობა იქნება შესწავლილი და საქართველოს მოსახლეობასაც არ ექნება სათანადო ცოდნა ამ მემკვიდრეობის შესახებ. საკუთარი ისტორიის, ლანდშაფტის, ბუნების და ძველი ციხე-კოშკების კვლევაზე გვჭირდება თურმე მთავრობის თანხმობა.
ეს არის ზეწოლა პირდაპირი გაგებით საქართველოს კულტურაზე, რადგან როგორ შეიძლება, რომ თრუსოს კოშკების გადარჩენის პროგრამა სანქცირდებოდეს ხელისუფლებისგან.
და ეს კანონიც, [გრანტების შესახებ] იმიტომ არის მართლა რუსული და სწორედ ამიტომაც დაერქვა ეს სახელი, რომ იმას აკეთებს, რაც რუსებმა გაუკეთეს ამ ქვეყნას და მის იტორიას – გადაშალეს და გადაღებეს.
ასე მარტივად გადაშლიან ესენიც, რომ აქეთა მხარეს აღარავინ დარჩეს პასუხის გამცემი და მოპასუხე, თუნდაც იმიტომ, რომ არ იქნება საკმარისი ცოდნა და არგუმენტი, აღარ იქნება კრიტიკული დამოკიდებულება.
- არის ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, როგორ ფიქრობთ?
ნამდვილად ასეა, კი და აქ მხოლოდ ძეგლების ან არქიტექტურის დაფინანსებაზე არ იყო საუბარი, ჩვენ გვაქვს არამატერიალური კულტურის ძეგლებიც, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და ფოლკლორისტების მუშაობასაც უწყობდა ხელს ადენაუერის ფონდი.
საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ აუკრძალავთ ეთნოგრაფიის დაფინანსება საქართველოში და ახლა ვიღებთ მოცემულობას, როცა სახელმწიფო, რომელსაც ფული არ ემეტება ფოლკლორისთვის, არც ჩვენს მეგობრებს აძლევს საშუალებას, რომ დაგვეხმაროს.
მერე უკვირთ, მოსახლეობა რატომ მცირდება, პატრიოტიზმი რატომ არ არის, რატომ სუსტდება სამოქალაქო ღირებულებები და იზრდება ნიჰილიზმი.
მეცნიერება არის ხიდი ცოდნას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და ამ ხიდს, დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო აშენებს. აქ კი ამ ხიდებს გვინგრევენ და სამუდამოდ სწირავენ ქართველ ხალხს უპერსპექტივობისთვის.
- ამავე დროს საუბრობენ პატრიოტიზმზე, რელიგიაზე, ოჯახზე…
ახლა მივიღეთ მოცემულობა, სადაც სამეცნიერო საქმიანობა, პროფესიული ეთიკა და უკეთეს მომავალზე ფიქრი ჩაანაცვლა ყალბმა რიტორიკამ, პოპულიზმმა და ისტორიის ინსტრუმენტალიზებამ. ისინი „ქართველობას“ იყენებენ როგორც ინსტრუმენტს, რომ განადგურონ უკეთესი მომავლის პერსპექტივაც და ქართველი ხალხის ცხოვრებაც.
ახლა მართლა ვცხოვრობთ რაღაც ტყუილში და ბოროტად გამოყენებული განწყობების კორიანტელში, რომელიც კარგს არაფერს მოიტანს არც მათთვის და არც ქართველი ხალხისთვის.
ახლა, როცა უამრავი სექტორი ნადგურდება და უამრავი ადამიანი ვეღარ აკეთებს საყვარელ საქმეს, ისინი იწყებენ ისტორიის ინსტრუმენტალიზებას და ძარცვას.
- მას შემდეგ რაც რუსული კანონები მიიღეს, გახსენდებათ თუნდაც ერთი პროექტი, ერთი მკვლევარი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ დააფინანსა? არ ვგულისხმობ ისეთ პროექტებს, რომელიც პირდაპირ შედის პარტიულ ინტერესებში, დამოუკიდებელ მკვლევრებს ან პროექტებს ვგულისხმობ.
ადენაუერის ფონდი მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფინანსებდა ევროპის კვლევების პროგრამას და ეს პროგრამა უკვე მძიმე დღეშია.
მივიღეთ მოცემულობა, რომ სტიპენდიები სამაგისტრო დონეზე ქვეყანაში აღარ არსებობს და თუ არსებობს, ეს არის რაღაც მიზერული და თან ერთჯერადი.
რატომ უნდა გაყვეს ადამიანი მეცნიერებას თუ იცის, რომ დაფინანსება და მხარდაჭერა არ აქვს ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, ევროპული ფონდების დახმარებით ხდებოდა ქართველი მეცნიერების ჩართვა საერთაშორისო ან რეგიონულ დისკუსიებში და ცალკე აღებული ამას ვერ ახერხებდნენ მანამდე ქართული უნივერსიტეტები.
ამ ფონდების ხელშეწყობით ხდებოდა უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა საქართველოში და ქართველი პროფესორებისა და სტუდენტების გაგზავნა ევროპაში ცოდნის გაცვლის და საერთაშორისო დისკუსიაში მონაწილეობისთვის.
ახლა ეს ყველაფერი შეჩერდა, მეცნიერება აღარ არის პრიორიტეტული, აღარ არის საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე. ვერანაირად ვეღარ ხდება ახალგაზრდების დაინტერესება – რატომ უნდა გახდეს ის ეთნოგრაფი ან თუნდაც მუსიკის ისტორიკოსი.
ამ ფონდების საშუალებით კი გრძნობდი, რომ საინტერესო იყავი არა მხოლოდ უნივერსიტეტისათვის, არამედ გარე სამყაროსთვის. ახლა ეს დამოკიდებულება ქრება და ვიღებთ თაობას, რომელიც საკუთარ პროფესიულ ცოდნას მოკლავს და დათრგუნავს, იმიტომ, რომ მათ სახელმწიფო ვერ დაეხმარება და მეგობრები კიდევ მტრად არიან გამოცხადებულნი.
- თუკი აქ აღარ იქნება დაფინანსების მიღების შესაძლებლობები, როგორ ფიქრობთ, ეს გამოიწვევს იმას, რომ ქართველმა სტუდენტებმა ისევ ევროპაში დაიწყონ მომავლის ძებნა და ქვეყანა დატოვონ?
ქართველი სტუდენტები რის გამოც ხვდებოდნენ სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტების ყურადღების ცენტრში, იყო იმის დამსახურება, რომ სწორედ ეს გერმანული თუ სხვა ფონდები უჭერდნენ მხარს ამ სტუდენტებისთვის განვითარებას და ეს ხდებოდა იმის წინაპირობა, რომ შემდეგ მიეღოთ სხვადასხვა პრესტიჟული სტიპენდია ევროპის უნივერსიტეტებში. კონკურენტულები ვიყავით ქართველი სტუდენტები საერთაშორისო ბაზარზე.
მაგრამ ახლა, როცა აღარ ექნებათ ამ ფონდებისგან მსგავსი მხარდაჭერა სტუდენტებს და ვერც ისეთ გამოცდილებას ვეღარ მიიღებენ, როგორც აქამდე იღებდნენ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობით, აღარავის მოუნდება მათში ფულის ჩადება.
რომც მოინდომონ ამის გამო ემიგრაციაში წასვლა, შანსები მაინც მცირდება, რადგან იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებსაც ისინი აირჩევენ, კონკურენტები ეყოლებათ სხვა პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან, იქნება ეს სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები თუ სხვა, რომლებიც ასევე შესაძლოა მუშაობდნენ საბჭოთა წარსულის კვლევებზე და რატომ უნდა აიყვანოს, მაგალითად, კემბრიჯის ან ჰუმბოლდტის უნივერსიტეტებმა ქართველი ნაკლებად ძლიერი და უფრო მეტიც, ბევრად დასუსტებული სტუდენტი, მაშინ როცა ამ ქვეყნებიდან ბევრად ძლიერი კანდიდატები იქნებიან კონკურენციაში.
ამ შემთხვევაში ქართველი სტუდენტები დაიჩაგრებიან მხოლოდ იმიტომ, რომ არც სახელმწიფოს მხარდაჭერა ექნებათ და არც საერთაშორისო მეგობრების.
- გამოდის, საქართველო ყველაფერს კარგავს, რაც ამ 30 წლის განმავლობაში ბრძოლით მოვიპოვეთ, თუნდაც განათლების სფეროში?
ამ მოცემულობით დავუბრუნდებით 1983 წლის ნიშნულს და ქართველ ბიოლოგებს, მათემატიკოსებს, ფილოსოფოსებს, ისტორიკოსებს გაუჭირდებათ დაეწიონ საერთაშორისო სტანდარტს და კიდევ 40 წელი იქნება საჭირო, რომ ისევ დავუბრუნდეთ არსებულ მდგომარეობას.
30-40 წელი ეს ნიშნავს ოთხ თაობას ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტების და ნულიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი.
- რატომ შეიძლება უნდოდეს ხელისუფლებას ამის გაკეთება საკუთარი ქვეყნისთვის?
უბრალოდ არ სურთ კრიტიკული კითხვების დამსმელი, მომავალზე ორიენტირებული, უკეთეს ცხოვრებაზე მოფიქრალი ადამიანების არსებობა საქართველოში, რადგან ასეთი საზოგადოება წინაღობას უქმნის მათ განზრახვას.
ეს არ არის მხოლოდ რუსეთის სურვილი, უნივერსალური სახელმძღვანელოა ავტორიტარების და იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი, სინგაპური, ჩრდილოეთ კორეა თუ ვენესუელა, ყველა ერთ დაწერილ მოდელს იყენებს. ოდესღაც ჰიტლერმა და სტალინმა შექმნეს ეს მოდელები და ახლა გადმოაკოპირეს სხვადასხვა მასშტაბით ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა, რაც ჯერ კიდევ ვერ გადაიაზრა დემოკრატიულმა სამყარომ.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ეფიქრათ რუსეთის და ავტორიტარიზმის აღმასვლაზე, ფიქრობდნენ კენგურუების დაცვაზე, რომელიც ჩემი აზრით გადასარევი ამბავია, მაგრამ კენგურუების რაოდენობა აშკარად მზარდია, დემოკრატიული სახელმწიფოების რაოდენობა კი მცირდება.
ამიტომ უნივერსალური მიდგომაა ავტორიტარებისთვის, რომ მათ უნდა გაანადგურონ კრიტიკული მედიები, მეცნიერება და კრიტიკული საზოგადოება.
წესიერ საზოგადოებაში ხომ ასე ხდება, რომ ჯერ ჟურნალისტი მიდის მეცნიერთან, საუბრობენ პრობლემაზე, შემდეგ მედიისგან იგებს მთელი საზოგადოება ამ პრობლემაზე და ამის შემდეგ მიდის საპარლამენტო მოსმენები და მიდის მსჯელობა პრობლემის მოგვარებაზე. ანუ დიდი ქსოვილია დემოკრატია.
ახლა კი მივიღეთ რა, რომ მედიაც რეპრესირებულია, აკადემიაც, ოპოზიციაც და სამოქალაქო საზოგადოებაც და დემოკრატიის განვითარების ნაცვლად გადავარდით მე-18 საუკუნეში ტირანიაში, სადაც ვიღაც ერთი მონარქი მართავს.
ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ რაღაც პერიოდში რეჟიმები არსებობას წყვეტენ და მე იმედი მაქვს, რომ გლობალურ და ლოკალურ დონეზე რაღაცები აუცილებლად შეიცვლება.






