ბათუმის აეროპორტიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ახლოს, ზღვაში ავარიულად დაეშვა.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 9 სექტემბერს მოხდა.
ორადგილიანი WT9 ტიპის თვითმფრინავის ბორტზე ორი მგზავრი იმყოფებოდა. თურქმა მაშველებმა ორივეს გადარჩენა მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი ბათუმიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა. ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით კი რიზესთან ახლოს, ზღვაში ავარიულად დაეშვა.
“თვითმფრინავი რიზე-ართვინის აეროპორტიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 4 მილის დაშორებით, ზღვაში ავარიულად დაეშვა.
ჩვენმა სანაპირო დაცვის ჯგუფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამაშველო ოპერაცია.
თვითმფრინავის ბორტზე ბელგიის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. პირველადი შემოწმებით დადგინდა, რომ ორივე პირი ჯანმრთელადაა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საქართველოდან, ბათუმიდან აფრინდა და ძრავის გაუმართაობის გამო საკონტროლო კოშკს დაუკავშირდა, რათა რიზე-ართვინის აეროპორტში დაშვების ნებართვა ეთხოვა, ამის შემდეგ კი ზღვაში ავარიულად დაეშვა.
ინცინდენტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება,” – ამბობს მომხდარ ფაქტზე რიზეს გუბერნატორი იჰსან სელიმ ბაიდაში.
მისი კომენტარი თურქულმა მედიამ გაავრცელა.


