მთავარი,სიახლეები

უკრაინის ომში მონაწილე ქართველმა ექიმმა ჯილდო მიიღო ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის

27.07.2026
უკრაინის ომში მონაწილე ქართველმა ექიმმა ჯილდო მიიღო ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის

უკრაინის ომის მონაწილე ქართველმა ექიმმა, ქეთი ლეშკაშელმა უკრაინის წმინდა პანტელეიმონის ორდენი მიიღო უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

წმინდა პანტელეიმონის ორდენის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონია დღეს, 27 ივლისს გაიმართა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ესაა უკრაინის სამედიცინო ოსკარი, რომელიც ექიმებს სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცემათ.

დაჯილდოების შესახებ ფეისბუქზე წერს ქეთი ლეშკაშელიც.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ წმინდა პანტელეიმონის ორდენის საერთაშორისო ჯილდო მივიღე — ჯილდო, რომელსაც ხშირად „მედიცინის ოსკარს“ უწოდებენ.

ეს მაღალი აღიარება გადმომეცა ნომინაციაში — „უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.

ჩემთვის ეს არის არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობა. მადლიერი ვარ, რომ ჩემი საქმიანობა, ჩემი მხარდაჭერა და ჩემი წვლილი უკრაინის გვერდით ყოფნაში ასე დაფასდა.

ეს ორდენი მხოლოდ ჩემი პირადი ჯილდო არ არის. ის ეკუთვნის ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იდგა, მხარს მიჭერდა და აგრძელებს ბრძოლას სიცოცხლის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის“ – წერს ის.

ქართველი ექიმი ქეთი ლეშკაშელი 2022 წლიდან იყო ომში. რამდენიმე თვის წინ იგი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.

ფოტოზე: ქეთი ლეშკაშელი/facebook

ამავე თემაზე: 

27 წლის ქართველი ექიმი უკრაინის ომში – „ერთმანეთის ასეთი მხარდაჭერა არსად მინახავს“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: