რუსეთში, ლიპეცკში, 21 ივლისის ღამეს, სარაკეტო განგაშის შემდეგ თბოელექტროსადგურის მახლობლად ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერენ ტელეგრამზე არხები – ASTRA და Exilenova+ და ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებენ.
ხანძარი, რომელსაც წინ განგაში და აფეთქების ხმა უძღოდა, ადგილობრივი თბოელექტროსადგურისა და ლიპეცკის ფოლადის ქარხნის მახლობლად გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო სამიზნე.
ხანძრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ოლქის გუბერნატორიც, იგორ არტამონოვი. მისი თქმით, ხანძარი გაჩნდა სამრეწველო ობიექტებში და დაახლოებით 2500 კვ.მეტრზე გავრცელდა.
გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქში, ვსევოლოჟსკში, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, არ უკავშირდება უკრაინის თავდასხმას. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი გაჩნდა პოლიმერული მასალების საწარმოში და ხანძარმა 6 ათასამდე კვ.მეტი მოიცვა.
_____________
ფოტო: Exilenova+/telegram






