კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო

16.07.2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. ცნობილია, რომ უწყებაში ამ საკითხზე მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს.

ნატა ვიბლიანი არის ემიგრანტი ქალი, რომელიც ამბობს, რომ მცირეწლოვან ასაკში მასზე ოჯახის ახლობელი კაცები სექსუალურად ძალადობდნენ. გარდა ამისა, ის ჰყვება, ფიზიკური ძალადობის, მუქარების, დაშინების შემთხვევებზეც.

ნატა ვიბლიანმა საკუთარი ისტორიის გაზიარება სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, იუთუბზე, თამუნა მუსერიძის გადაცემაში – “ვეძებ”,  მან დეტალურად ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე.

როგორც ის ჰყვება, მამის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 8-9 წლის ასაკში, ის გააუპატიურა ოჯახის ახლობელმა კაცმა – ნათლიის ძმამ, რომელიც მაშინ სრულწლოვანი იყო. ქალი ამბობს, რომ მასზე სისტემური სექსუალური და ფიზიკური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც ნატა ვიბლიანი ჰყვება, 14 წლის ასაკში ის დაორსულდა. მოძალადემ ის სვანეთიდან ზუგდიდში, საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც დაახლოებით 7 თვის ორსული, დამაჩქარებელი ინექციის გამოყენებით იძულებით ამშობიარეს. ვიბლიანი იხსენებს, რომ დაინახა ცოცხალი ბავშვი და გაიგო მისი ტირილი ხმა, მაგრამ ამავე დროს გაიგო მოძალადის ნათქვამი, რომელმაც ექთანს ბავშვის მოშორება დაავალა. ვიბლიანი ვარაუდობს, რომ მისი შვილი შეიძლება დღესაც ცოცხალი იყოს.

როგორც ნატა ვიბლიანი ჰყვება, ამის შემდეგ მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდნენ სხვა კაცებიც. ის ასახელებს 4 ადამიანის სახელს, თუმცა, ამბობს, რომ ამ ფაქტების შესახებ შესახებ იცოდა მისმა სანათესავომ და მთელმა სოფელმა ჭუბერის თემში.

„სამივენი ამ კაცის [პირველი მოძალადის] ნათესავები არიან. მათ სწორედ მისი ჩარევით გამაუპატიურეს, მისი სიბინძურის დასაფარად, რომ ხმა ვერ ამომეღო ვერასდროს, როგორც ქალს, რომ ვერასდროს მეთქვა, რომ მე ამდენმა კაცმა გამაუპატიურა”, – იხსენებს ვიბლიანი გადაცემაში.

როგორც ნატა ვიბლიანი ამბობს, ორსულობიდან რამდენიმე წლის შემდეგ ნათესავებმა მისი ოჯახი – დედა, უმცროსი ძმები და და აიძულეს სოფელი დაეტოვებინათ და გადასახლებულიყვნენ. ვიბლიანის თქმით, ნათესავებმა ოჯახს სოფლის სახლისა და მიწების სანაცვლოს მისცეს დაახლოებით 22 000 ლარი. ამის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა, სადაც, როგორც თავად ამბობს, უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ.

ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ ბევრი ისეთი დანაშაულის მსხვერპლი და მომსწრეა, რომელთა შესახებ საჯაროდ არ ისაუბრებს, თუმცა, მზად არის გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

კანონმდებლობით, 137-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე – გაუპატიურებაზე, თუ ის არასრულწლოვანის მიმართ არის ჩადენილი, არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სავარაუდო დანაშაულის დადასტურებისა და მოძალადეების იდენტიფიცირების შემთხვევაში მათი დასჯა ახლაც, 35 წლის შემდეგაც შესაძლებელია.

გაუპატიურება, ჩადენილი არაერთგზის, არასრულწლოვანის მიმართ, ისჯება 10-დან 13 წლამდე პატიმრობით. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა გარემოება, რომ მოძალადე არასრულწლოვანზე “ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით” ძალადობდა, სასჯელი, შესაძლოა 15-დან 20 წლამდე გაიზარდოს, ან უვადოდ განისაზღვროს.

ნატა ვიბლიანი ახლა 43 წლისაა. ამბები, რომელზეც ის ჰყვება, 1990-იანი წლების სვანეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

______________

ფოტოზე: ნატა ვიბლიანი, კადრი ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: