დღეს, 11 ივნისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავდა 50 წლამდე ქალი. ის კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველის თქმით, შემთხვევა საღამოს ცხრა საათის შემდეგ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.
ამ ქუჩაზე მოძრაობას პერიოდულად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც აფერხებს. „ბათუმელებმა“ არაერთხელ გამოაქვეყნა ფოტო-ვიდეო მასალა, რაც ადასტურებს, რომ ამ ქუჩის დიდ ნაწილზე გარეგანათება დიდი ხანია გამორთულია, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია.






