სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ოფისის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 2,7 მილიონი ლარით გამოაცხადა. პროექტის მიხედვით შენობა სამსართულიანი იქნება.

სურსათის სააგენტოს ბათუმის ოფისის ვიზუალი / ფოტო პროექტიდან
მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი ოფისი უნდა ააშენონ 1 110 კვადრატული მეტრია. ეს ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო, თუმცა, 2021 წელს ის საკუთრებაში სახელმწიფოს, სურსათის სააგენტოს კი – სარგებლობაში გადაეცა.
ნაკვეთის მისამართია ბაგრატიონის ქუჩა 127, თუმცა, ის რეფერალური საავადმყოფოს უკან, დაახლოებით 350 მეტრში მდებარეობს – შარტავასა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის.

წითელი ფერით მონიშნულია საპროექტო ტერიტორია
სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა 2026 წლის 14 აპრილს გასცა.
სააგენტოს მიერ 2 790 890 ლარით გამოცხადებულ ტენდერში კი წინადადებების მიღება 2026 წლის 3 ივნისს დაიწყება და 8 ივნისს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა შენობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა ააშენოს.
პირობის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს შემდეგი ხანგრძლივობის გარანტიები: შენობის ფასადებზე და დანარჩენ სამუშაოებზე – 3 წელი, ხოლო შენობის სახურავზე – 5 წელი.

ფოტო პროექტიდან
სურსათის სააგენტოს 76 640 ლარით კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის, პოსტოპერაციული მოვლისა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მომსახურებაზე, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.
ამ ტენდერში სააგენტოს მომსახურებას ინდმეწარმე ლერი ჩხარტიშვილი სთავაზობს 75 203 ლარად.
ვრცლად:
აჭარაში წელს 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება – სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა






