24 აპრილს, პარასკევს, 16 საათზე, თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი სცენა მზია ამაღლობელის შესახებ დისკუსიასა და შეხვედრას დაეთმობა.
შეხვედრის ორგანიზატორი „სინათლე მედიაა“.
შეხვედრის მოდერატორია თამარ რუხაძე, მონაწილეები: ნანა კვაჭაძე [„ბათუმელები“/ნეტგაზეთი], ზურა ვარდიაშვილი და ლიკა ზაკაშვილი [„პუბლიკა“].
„მზია ამაღლობელის საქმე ცხადად აჩვენებს, როგორ ექცევა სისტემა თავისუფალ მედიას, ჟურნალისტებს და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებს. მზიას საქმე ასევე ააშკარავებს, თუ როგორ ეშინია სისტემას წესიერების, სიმამაცის და თავისუფლების იდეისადმი ერთგულების.
მზია ამაღლობელის დაკავება და პატიმრობა გარდამტეხ მომენტად იქცა დამოუკიდებელი ქართული მედიისთვისაც. მის მრავალშრიან გავლენას ერთ-ერთი მედიაკვლევის ავტორებმა „მზიას ეფექტი“ უწოდეს: მზიას პიროვნებამ, მისმა შეუდრეკელმა სიმტკიცემ გატეხა შიში, გამოიწვია უპრეცედენტო სოლიდარობა და შექმნა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში.
ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეიქმნა ეს ერთიანი წინააღმდეგობა, როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, რედაქტორებზე, მედიამენეჯერებზე მზიას საქმის, მისი მაგალითის გავლენის გაერთიანებული შედეგი; როგორ გარდაქმნა მზია ამაღლობელმა გამიზნული „მსუსხავი ეფექტი“ მედიის პროფესიულ და მორალურ ვალდებულად – „იბრძოლო, სანამ გვიანი არ არის“ – ნათქვამია პრესრელიზში.
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 15 თვე რჩება უკანონო პატიმრობაში.
2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.
მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.






