მთავარი,სიახლეები

რა გამოტოვა „ოცნებამ“ ბათუმში 9 აპრილის მემორიალის საინფორმაციო დაფაზე: „არ წერენ, რა მოვლენები იყო“

09.04.2026
რა გამოტოვა „ოცნებამ“ ბათუმში 9 აპრილის მემორიალის საინფორმაციო დაფაზე: „არ წერენ, რა მოვლენები იყო“

„რატომ არ წერენ, რა მოვლენები იყო? იქნებ ჩვენ დავღუპეთ ერთმანეთი… ჭყლეტაში მოხდაო, ისიც თქვეს,“ – მოქანდაკე თემურ მახარაძე ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან განთავსებულ საინფორმაციო დაფას აპროტესტებს.

იგი 9 აპრილის მემორიალის ავტორია, თუმცა მემორიალთან საინფორმაციო დაფა მასთან შეთანხმების გარეშე განათავსეს.

„1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შედეგად დამოუკიდებელი საქართველოსთვის დაღუპული გმირების მემორიალი“, – ასე წერია 9 აპრილის მემორიალთან განთავსებულ ახალ საინფორმაციო დაფაზე, სადაც ჩამოწერილია იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც 9 აპრილს დაიღუპნენ.

9 აპრილის საინფორმაციო დაფაზე არ წერია, ვინ დახოცა ხალხი რუსთაველზე 1989 წლის 9 აპრილს.

37 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა რუსული არმიის სამხედროებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი, ნიჩბები და მომწამლავი ნივთიერებები. 

დარბევის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა.

უმეტესობა ქალი.

ახალ საინფორმაციო დაფაში, რომელიც დღეს გახსნეს ბათუმში, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ბათუმის მერიამ 13 294 ლარი გადაიხადა.

საინფორმაციო დაფა, რომელშიც ბათუმის მერიამ 13 294 ლარი გადაიხადა.

„ეს არ არის შესაბამისი,“ – ამბობს მოქანდაკე თემურ მახარაძე მასთან შეთანხმების გარეშე განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე და იქვე განმარტავს:

„9 აპრილის მემორიალის თავდაპირველ ესკიზში წარწერის მომზადება გათვალისწინებული საერთოდ არ იყო… უნდა ყოფილიყო ასახული 9 აპრილი, როგორც გამარჯვების დღე და არამხოლოდ გლოვის დღე“.

მოქანდაკის აზრით, კარგი იქნებოდა, მემორიალთან თანამედროვე ტექნოლოგიებით (QR კოდით) აღჭურვილი საინფორმაციო დაფა მომზადებულიყო, საიდანაც 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ, სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ მოქალაქეები.

9 აპრილის მემორიალი ბათუმში, გმირთა ხეივანში 2019 წელს დადგეს.

ამ მემორიალის ავტორია მოქანდაკე თემურ მახარაძე.

მემორიალთან წლების განმავლობაში არ იყო საინფორმაცია დაფა, მაგრამ იყო აღწერა: „9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიღების დღე. საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობის და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონების დღე“.

9 აპრილის მემორიალი ბათუმში – 2019 წელი

ეს აღწერა იყო 9 აპრილის მემორიალზე ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მემორიალზე ეს აღწერა სულ ცოტა 2025 წლიდან აღარაა.

ის ჩაანაცვლა წარწერამ „9 აპრილი“, წელს კი, მემორიალთან გაჩნდა ახალი საინფორმაციო დაფა.

საინფორმაციო დაფა 9 აპრილის მემორიალთან – 2026 წლის 9 აპრილი

რამდენიმე დღით წინ  ქუთაისში რუსეთ – საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ისე განაახლეს, რომ მასზე დატანილ წარწერებში ოკუპანტი რუსეთი ნახსენები არ იყო.

ამასთან, ომის დაწყების თარიღად მემორიალზე მიუთითეს არა 7 აგვისტო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, არამედ 8 აგვისტო.მოქალაქეთა პროტესტის შემდეგ წარწერა ჩამოხსნეს.

ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საპროტესტო გზავნილებით დახვდნენ.

ბათუმის მერიის პრესცენტრში 9 აპრილის მემორიალის საინფორმაციო დაფაზე განმარტებას დაგვპირდნენ, რომელსაც მიღებისთანავე გაგაცნობთ.

განახლება: „სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე არ არის წარმოდგენილი ისტორიული მოვლენების აღწერა და მისი განთავსება არ ყოფილა შეთანხმებული მემორიალის ავტორთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ 9 აპრილის გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალთან განთავსდა ცალკე მდგომი საინფორმაციო დაფა, რომლის ფორმატი ითვალისწინებდა დაღუპულთა სახელებისა და გვარების დატანას და არა ისტორიული მოვლენების აღწერას. ახალი დაფა კონსტრუქციულად არ ეხება არსებულ მემორიალს და წარმოადგენს დამოუკიდებელ ელემენტს. შესაბამისად, ის არ ცვლის უკვე არსებულ კომპოზიციასა და კონცეფციას და არ საჭიროებდა მემორიალის ავტორთან დამატებით შეთანხმებას,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: