მთავარი,სიახლეები

მომსახურების სააგენტომ და შემოსავლების სამსახურმა 110 მილიონი ლარი ნაშთი ბიუჯეტში უნდა ჩარიცხონ

26.03.2026
მომსახურების სააგენტომ და შემოსავლების სამსახურმა 110 მილიონი ლარი ნაშთი ბიუჯეტში უნდა ჩარიცხონ

მთავრობის ახალი განკარგულებით შსს-ს მომსახურების სააგენტომ და შემოსავლების სამსახურმა თავიანთ ანგარიშებზე განთავსებული თავისუფალი ნაშთიდან ჯამში 110 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხონ.

კერძოდ:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ – 60 000 000 ლარი, მათ შორის: 2026 წლის 31 მარტამდე – 30 მილიონი ლარი, ხოლო არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა – 30 მილიონი ლარი;
  • შემოსავლების სამსახურმა კი – 50 000 000 ლარი, მათ შორის: 2026 წლის 31 მარტამდე – 30 მილიონი ლარი, ხოლო არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა – 20 მილიონი ლარი.

თანხის ბიუჯეტში მიმართვის შედეგად აღნიშნული სამსახურების „ბიუჯეტების ცვლილება არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.“ – წერია მთავრობის 2026 წლის 19 მარტის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში არის ჩანაწერი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან [სსიპ], რომელთა წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს, განსაზღვროს ის სსიპ-ები, რომლებსაც ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთის ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დასაფინანსებლად მიამართვინებს.

აღსანიშნავია, რომ ისეთი უწყებები, როგორიცაა მომსახურების სააგენტო და შემოსავლების სამსახური, მოქალაქეებს ფასიან სერვისებს სთავაზობენ.

მაგალითად, მართვის მოწმობის აღების, იარაღის გაფორმების, ექსპერტიზისა თუ საბაჟო მომსახურების საფასური პირდაპირ ამ უწყებების ანგარიშზე ირიცხება.

აღნიშნული თანხები მათ „საკუთარ შემოსავლებს“ წარმოადგენს, რომლებსაც ორგანიზაციები დამოუკიდებლად განკარგავენ ხელფასების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა თუ სხვა საჭიროებებისთვის.

წლის ბოლოსთვის აუთვისებელი თანხა ავტომატურად ბიუჯეტში არ ბრუნდება და უწყებების ანგარიშზე „გარდამავალი ნაშთის“ სახით რჩება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დაგროვილი ნაშთი მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს დამატებითი რესურსი სჭირდება, მთავრობა გამოსცემს სპეციალურ განკარგულებას, რომლითაც უწყებას ამ „ზედმეტი“ თანხის საერთო ბიუჯეტში გადარიცხვას ავალდებულებს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.