რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР), პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მკვლელობის ინსცენირების ორგანიზება შესთავაზა უნგრეთს. მიზანი – ამ გზით აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მისი რეიტინგის გაუმჯობესება.
ამერიკული გამოცემა The Washington Post ამ ინფორმაციას ევროპული დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გასულ თვეში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთმა დანაყოფმა განგაში ატეხა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მკვეთრი შემცირების გამო, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
ევროპის დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებული რუსი აგენტების შიდა ანგარიშში საუბარია სტრატეგიის შემუშავებაზე, ანუ ორბანზე „მკვლელობის ინსცენირების“ ორგანიზებაზე, რომელსაც შეუძლია „ფუნდამენტურად შეცვალოს საარჩევნო კამპანიის მთელი პარადიგმა“.
„ასეთი ინციდენტი კამპანიის აღქმას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე რაციონალური ფოკუსიდან ემოციურზე გადაიტანდა. ამ შემთხვევაში მთავარი თემები იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება, სტაბილურობა და პოლიტიკური სისტემის დაცვა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლიტიკური გავლენის ოპერაციების მთავარი დანაყოფის ანგარიშში.
გამოცემა წერს იმის შესახებ, რომ ორბანს აქამდე ფიზიკურად თავს არავინ დასხმია. თუმცა, მოყვანილი ფაქტი ხაზს უსვამს, თუ რამდენად მაღალია ფსონები რუსეთისთვის უნგრეთის არჩევნებში.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ანგარიში „დეზინფორმაციას“ წარმოადგენს. ვიქტორ ორბანის პრესსპიკერს კი ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
სხვადასხვა მედიის მიხედვით, რუსეთი ამ არჩევნებში ორბანის გამარჯვების უზრუნველყოფას ცდილობს და ამ მიზნით პოლიტტექნოლოგიების ჯგუფიც კი მიავლინა ბუდაპეშტში.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 14 აპრილს უნდა გაიმართოს. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ორბანის პარტიის რეიტინგი 40%-მდეა, ხოლო მისი კონკურენტი პარტიის – Tisa-ს რეიტინგი 46%-ზე მეტია.
რაც შეეხება თავდასხმის იდეას, ეს დიდი ალბათობით უნგრეთ-უკრაინის დაძაბული ურთიერთობის ფონზე გაჩნდა. ცოტა ხნის წინ უნგრეთმა ევროკავშირში დაბლოკა უკრაინისთვის სესხის მიცემას, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელ სამხედროებს „ევროკავშირში ერთი ადამიანის მისამართს მისცემს“.
უნგრეთის გაღიზიანება კი თითქოს მილსადენ „დრუჟბას“ უკავშირდება, საიდანაც შეწყდა უნგრეთში იაფი რუსული ნავთობის გადაქაჩვა, რამაც უნგრეთში საწვავზე ფასების ზრდა და, შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოიწვია.






