მთავარი,სიახლეები

აჭარის კულტურის სამინისტროს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დირექტორის დანიშვნა აუკრძალეს

16.03.2026
აჭარის კულტურის სამინისტროს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დირექტორის დანიშვნა აუკრძალეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის კულტურის სამინისტროს აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ახალი დირექტორის დანიშვნა აუკრძალა.

ინფორმაციას ამის შესახებ, უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ICFRP) „მართლმსაჯულების სამსახური“ ავრცელებს.

სწორედ ამ ორგანიზაციას მიმართა საკუთარი უფლებების დასაცავად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ყოფილმა დირექტორმა თამარ მესხიძემ.

როგორც უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, მათ „გადაუდებელი უზრუნველყოფის ღონისძიების“ გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, სასამართლომ კი გადაწყვეტილება გამოიტანა.

ამ გადაწყვეტილებით, აჭარის კულტურის სამინისტრო ახალ დირექტორს სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ დანიშნავს.

აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე თანამდებობიდან 27 თებერვალს გაათავისუფლეს.

ის ამ თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობდა.

დირექტორის გათავისუფლების ბრძანება აჭარის კულტურის სამინისტრომ გამოსცა.

თამარ მესხიძემ „ბათუმელებთან“ გათავისუფლების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია.

„მიუხედავად დირექტორის ჯეროვანი და წარმატებული საქმიანობისა – აჭარის კულტურის მინისტრის მიერ იგი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან (მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით), ხოლო მის ადგილზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა გათავისუფლებულის მოადგილე, რომელიც თითქოსდა აპროტესტებდა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

განთავისუფლებულმა დირექტორმა დახმარებისთვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ICFRP) „მართლმსაჯულების სამსახურს“ მომართა, რომელმაც  თავის მხვრივ  „გადაუდებელი უზრუნველყოფის ღონისძიების“ გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა შუამდგომლობის დასაბუთება და აჭარის კულტურის სამინისტროს დავის დასრულებამდე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თანამდებობაზე სხვა პირის (გარდა მოვალეობის შემსრულებლისა) დანიშვნა აეკრძალა,“ – ნათქვამია უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი (ICFRP) წერს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით პრეცედენტული და იმავდროულად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამავე თემაზე:

თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.