მთავარი,სიახლეები

საარჩევნო უბანზე ცეკვა-თამაშით ცესკო დაინტერესდა

02.11.2016
საარჩევნო უბანზე ცეკვა-თამაშით ცესკო დაინტერესდა

ბათუმის 69-ე ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” გამარჯვება კომისიის წევრებმა აღნიშნეს. კომისიის თავმჯდომარემ, მაია ბლადაძემ ცეკვა-მხიარულების ამსახველი ვიდეო მასალა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა მინაწერით: “ჩვენი დიდი გამარჯვება… ეს ემოციაა გულწფელი ემოციაა იმ დიდი ბრძოლის, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ… ოცნებამ გაიმარჯვა… სიმართლემ და ღირსებამ გაიმარჯვა… ეს მართლა ჯოჯოხეთია ბევრი არაკეთილის მსურველისთვის… ჩვენ გავიმარჯვეთ… მიყვარხართ”.

ფოტო: მაია ბლადაძის ფეისბუქ გვერდიდან

ფოტო: მაია ბლადაძის ფეისბუქ გვერდიდან

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თავად მაია ბლადაძეც. მან “ბათუმელებს” უთხრა, რომ კომისია არჩევნების წარმატებით დასრულება აღნიშნა და საჯაროდ გამოხატული სიხარული პოლიტიკას არ უკავშირდება. მაია ბლადაძეს საკუთარ ფეიბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს წარწერა შევახსენეთ, სადაც ის აღნიშნავს:”ოცნებამ გაიმარჯვა”. მაია ბლადაძე ამბობს, რომ უბანს ამ დროისთვის შემაჯამებელი ოქმი უკვე გაფორმებული ჰქონდა და კომისიის წევრების უფლებამოსილება შეწყვეტილი იყო: “მე ვარ ადამიანი და მაქვს ჩემი ემოცია… სხვებმაც გამოხატეს ეს ემოცია და მაინცდამაინც ჩემი დაინახეთ? რატომ გინდათ, რომ ამაში პოლიტიკური ინტერესი დაინახოთ?”

“საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კომისიის წევრების უფლებამოსილება წყდება მას შემდეგ, როცა ოლქი შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს,” – განმარტავს მადონა ბერიძე, “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორი. ბათუმის ოლქს შემაჯამებელი ოქმი ჯერ გამოცემული არ აქვს. მადონა ბერიძის შეფასებით, პირველ უბანზე მომხდარი ფაქტით დარღვეულია საარჩევნო კოდექსის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრი დამოუკიდებელი უნდა იყოს: “თავად მაია ბლადაძის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ კომისიის წევრებმა კანდიდატების გამარჯვება აღნიშნეს კენჭისყრის შენობაში. ასევე ისინი აფრიალებენ საარჩევნო მოხელეებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ფორმებს… კონკრეტულად კომისიის თავმჯდომარე, მაია ბლადაძე რომ “ქართული ოცნების” გამარჯვებას აღნიშნავს, ამას ადასტურებს მისი ფეისბუქ პოსტი, რომელიც ვიდეოს ახლავს. საარჩევნო კოდექსის გარდა, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა.”

“ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს,” – გვითხრა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ. მისი შეფასებით, საკითხი ოლქმა უნდა შეისწავლოს და გადაწყვეტილება მიიღოს: “ვიდეოს მიხედვთ, რომელიც ჩვენ ვნახეთ, დარღვეულია საარჩევნო მოხელის ქცევის კოდექსი. ამ კოდექსის პრინციპების დაცვაზე თითოეული კომისიის წევრს აქვს ხელი მოწერილი. საკითხის შესწავლა დაწყებული აქვს ბათუმის საოლქო კომისიას”.

რა სანქციას გამოიყენებს ბათუმის ოლქი პირველი საარჩევნო უბნის კომისიის წევრების წინააღმდეგ – ჯერ უცნობია. საოლქო კომისიას შეუძლია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებით შემოიფარგლოს, ან ხელფასი დაუკავოს საარჩევნო მოხელეებს. ასევე შესაძლებელია საარჩევნო მოხელის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა, თუმცა პირველი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ უფლებამოსილება უკვე შეწყვეტილი აქვს.

საარჩევნო მოხელის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, დამრღვევი პირი 8 წლის განმავლობაში ვეღარ დასაქმდება საარჩევნო ადმინისტრაციაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: