მთავარი,სიახლეები

აშშ საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციოს ვიზების გაცემას დროებით აჩერებს – Fox News

14.01.2026
აშშ საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციოს ვიზების გაცემას დროებით აჩერებს – Fox News

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესს აჩერებს.

75 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც.

სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც პირველად Fox News Digital-მა მოიპოვა, საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უარი თქვან საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე, სანამ უწყება სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს გადახედავს.

Fox News-ის თანახმად, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ აპლიკანტებისთვის ხელის შეშლას, რომლებიც, სავარაუდოდ, „საზოგადოებრივი ტვირთი“ გახდებიან და სახელმწიფოზე იქნებიან დამოკიდებულნი.

საქართველოსთან ერთად ვიზების გაცემა შეჩერდება სამხრეთ კავკასიის კიდევ ორი ქვეყნის, აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეებზეც.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებისთვისაც აშშ ვიზის გაცემას აჩერებს. სქრინი ფოქს ნიუსიდან

ვიზების შეჩერების პროცესი 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე დეპარტამენტი სავიზო პროცედურების გადაფასებას არ დაასრულებს.

2025 წლის ნოემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დეპეშა გაუგზავნა, რომლითაც საკონსულოს თანამშრომლებს დაევალათ, საიმიგრაციო კანონის ე.წ. „საზოგადოებრივი ტვირთის“ (public charge) დებულების ფარგლებში შემოწმების ახალი, მკაცრი წესები აემოქმედებინათ.

„ინსტრუქცია საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, ვიზაზე უარი უთხრან იმ აპლიკანტებს, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებენ. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მრავალი ფაქტორი, მათ შორის: ჯანმრთელობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნა, ფინანსური მდგომარეობა და გრძელვადიანი სამედიცინო მზრუნველობის პოტენციური საჭიროება. ვიზაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს ხანდაზმული ასაკი ან ჭარბი წონა, ასევე წარსულში სახელმწიფო ფულადი დახმარებით სარგებლობა ან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ყოფნა“, — წერს Fox News და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივი ტვირთის“ შესახებ დებულება ათწლეულებია არსებობს, მისი აღსრულება სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში განსხვავებული იყო და საკონსულოს თანამშრომლებს სტანდარტის გამოყენებისას ისტორიულად მოქმედების ფართო თავისუფლება ჰქონდათ.

ახალი შეჩერების წესიდან გამონაკლისები იქნება „ძალიან შეზღუდული“ და დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აპლიკანტი „საზოგადოებრივი ტვირთის“ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ შემოწმებას გაივლის.

ამავე თემაზე:

აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას დროებით აჩერებს — Fox News

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: