მთავარი,სიახლეები

ფინეთში დააკავეს კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის ეკიპაჟის ორი წევრი

02.01.2026
ფინეთში დააკავეს კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის ეკიპაჟის ორი წევრი

ფინეთის პოლიციამ დააკავა კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი სატვირთო გემ Fitburg-ის ეკიპაჟის ორი წევრი და ეკიპაჟის კიდევ 2 წევრს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის წევრებს შორის არიან ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი და ყაზახი მეზღვაურები, თუმცა ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებული.

ფინური მედია წერს, რომ გემზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა. გემი ფინეთსა და ესტონეთს შორის გამავალი სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაშია ეჭვმიტანილი.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ პოლიცია დაკავებულების მოქალაქეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

სატვირთო გემი „ფიტბურგი“ ფინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს დააკავა. პოლიცია ჯერ არ აზუსტებს, დაკავშირებულია თუ არა კაბელის დაზიანება რომელიმე სახელმწიფოსთან.

სატვირთო გემი სანქტ-პეტერბურგიდან ისრაელის ქალაქ ხაიფაში მიემართებოდა და ფოლადის ტვირთს გადაჰქონდა.

გასული წლის განმავლობაში ფინეთის ყურეში უცხოური გემების მონაწილეობით კაბელის გაწყვეტის რამდენიმე შემთხვევა მოხდა.

„საერთო ფაქტორი ის არის, რომ ეს ამჯერადაც რუსეთიდან მომავალი სატვირთო გემია. ამ საქმეებში არის როგორც მსგავსება, ასევე განსხვავებები. თითოეული საქმე განიხილება“, – ციტირებს ფინური მედია კრიმინალური პოლიციის უფროს გამომძიებელს.

ამავე დროს, მედია წერს, რომ რუსეთმა ფინეთს დახმარება შესთავაზა გამოძიებაში, რასაც ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა უარით უპასუხა.

გემი ამჟამად ფინეთის ქალაქ კირკკონუმის პორტში იმყოფება.

____________________

ფოტოზე: სატვირთო გემი Fitburg-ი კირკკონუმის პორტში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Jussi Eskola

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: