მთავარი,სიახლეები

ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს

04.12.2025
ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის ნავთობტერმინალში ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააკავა.

ნავთობტერმინალში საგამოძიებო სამსახური წუხელ ღამით შევიდა. შეჩერებული იყო სარკინიგზო ხაზი. ამის შესახებ „ბათუმელები“ დღეს, 4 დეკემბერს წერდა.

საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე, 2025 წლის 3 დეკემბერს, სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული -10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს.

ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის შესანიღბად, საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში, განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი, ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის ფაქტების გამოვლენის მიზნით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს, 4 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულები ყაზახეთის მოქალაქეები არიან.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით [საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით] .

ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: