დღეს დილით გავრცელებული ვიდეო, რომელიც რუსულ „ჩრდილოვან ფლოტზე“ დრონებით თავდასხმას და ორი ტანკერის აფეთქებას ასახავს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების სპეცოპერაციაა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, Sea Baby-ის საზღვაო დრონები შავ ზღვაში ორ სანქცირებულ ნავთობტანკერს – KAIRO-სა და VIRAT-ს დაესხნენ თავს. გემები „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის.
უკრაინული მედია წერს, რომ „ეს იყო უკრაინის უშიშროების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაცია. მოდერნიზებული Sea Baby საზღვაო დრონები წარმატებით გამოსცადეს გემებზე.
მათ შეუძლიათ დიდი მანძილის დაფარვა და აღჭურვილი არიან მძლავრი საბრძოლო მასალებით“.
ვიდეოს მიხედვით, შეჯახების შემდეგ ორივე ტანკერი კრიტიკულად დაზიანდა და ფაქტობრივად, ექსპლუატაციიდან გამოვიდა.
ტანკერი KAIROS საკმაოდ დიდი ზომის იყო – მისი სიგრძე 274 მეტრია, სიგანე 48 მეტრი. ის სანქცირებული გემების სიაში იყო.
რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს დრონებით თავს დაესხნენ შავ ზღვაში, თურქეთის მახლობლად.
თურქული მხარის ცნობით ეკიპაჟის ყველა წევრი სამაშველო სამსახურებმა სამშვიდობოზე გაიყვანეს. თურქმა მაშველებმა გემიდან ეკიპაჟის 25 წევრი გამოიყვანეს, ისინი არ დაშავებულან.
თავდასხმის დროს სანქცირებული გემები ცარიელი იყო – ისინი ჩასატვირთად ნოვოროსიისკის პორტში მიემართებოდნენ.






