მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიასთან გზა გადაკეტეს – „ვითხოვთ მერთან შეხვედრას“

19.11.2025
ბათუმის მერიასთან გზა გადაკეტეს – „ვითხოვთ მერთან შეხვედრას“

დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის მერიასთან ასამდე მოქალაქე შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მშენებელი კომპანიისგან დაზარალებულები არიან და მერიას სთხოვენ დახმარებას  ბინების მიღებაში, რომელთა თანხაც გადახდილი აქვთ, თუმცა მშენებლობა შეჩერებულია.

მოქალაქეების თქმით, საქმე ეხება ბათუმში, ბაგრატიონის #113-ში მიმდინარე მშენებლობას, რომელშიც ბინა მოქალაქეებს წლების წინ აქვთ შეძენილი, თუმცა პროექტი რამდენიმე კომპანიაზე გადაიყიდა, საცხოვრებელი კორპუსი კი ამ დრომდე არ აშენებულა.

„2017 წელს შეიძინა ბინა ჩემმა შვილმა, 2025 წელია და ბინა ისევ არ აქვს. 22 სართული უნდა აშენებულიყო და 10 სართულია ჯერ. დაახლოებით 120 ოჯახი ვართ დაზარალებული“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წინასწარ, ერთი კვირით ადრე შეთანხმებული იყვნენ ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან შეხვედრაზე, თუმცა მერიაში მოსულებს ქალაქის მერი ადგილზე არ დახვდა.

მოქალაქეებმა მერიასთან რამდენიმე წუთით გზაც გადაკეტეს, მობილიზებული იყო პოლიცია.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენელმა აცნობა, რომ ბათუმის მერი მათ დღეს, მოკლე ხანში შეხვდებოდა.

„მერია დაგვიდგეს გვერდით, ყველა დაგვაკმაყოფილონ“ – ასეთია მოქალაქეების მოთხოვნა.

ბათუმში არაერთი დაუსრულებელი კორპუსია. დაზარალებული მოქალაქეები, რომლებმაც ბინებში ფული უკვე გადაიხადეს, წლებია კორპუსების აშენებას უშედეგოდ ელოდებიან.

მოქალაქეების ინფორმაციით მშენებლობას ბოლოს „როდოს დეველოპმენტი“ აწარმოებდა, ეს კომპანია 2022 წელს არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მისი მფლობელი ლევან ვადაჭკორიაა. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის მოქალაქეც არის.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა აქციიდან:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: