მთავარი,სიახლეები

„რატომ ააწიოკეთ ოჯახი, რატომ დაადეთ მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი“ – დაკავებულის ახლობელი

17.10.2025
„რატომ ააწიოკეთ ოჯახი, რატომ დაადეთ მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი“ – დაკავებულის ახლობელი

დღეს, 17 ოქტომბერს, ოზურგეთში სიმონ მახარაძე ნათესავის სახლში დააკავეს.

მისი დაკავების შესახებ საზოგადოებას მისმა ბიძაშვილმა დავით მახარაძემ აცნობა.

მან ვიდეო გაავრცელა ფეისბუქზე, სადაც სიმონ მახარაძის დაკავების დეტალებზე საუბრობს.

„ვინც ხელისუფლებისკენ ხართ და ამართლებთ ამ სისაძაგლეს, ახლა იმ ხალხს მოგმართავთ. ვთქვათ, სიმონ მახარაძე დამნაშავეა და ვთქვათ, 4 ოქტომბერს რაღაც დააშავა და თქვენი სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედიები ავრცელებთ ამას, რა საჭირო იყო 90-მდე სპეცრაზმელის შემოვარდნა ერთ ადამიანთან?

რატომ ააწიოკეთ ოჯახი? რატომ დაადეს მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი, რატომ იმუქრებოდნენ ძაღლის მოკვლით, რატომ იყვნენ აგრესიულები სპეცრაზმელები?

მოვა დრო და თქვენც გაგიჭირდებათ, თუმცა ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ. თქვენთვისაც ვიბრძოლებთ. თქვენთვისაც ამოვიღებთ ხმას, რომ დაგჩაგრეს და როდესაც იგივე შეგემთხვევათ, თქვენთვისაც ვიბრძოლებთ ხალხი, რომ ხვალ სუსტი არ დაიჩაგროს.

ღვთის წინაშე აგებთ პასუხს, ვინც ხელისუფლების ამ სისაძაგლეს უჭერთ მხარს და ამართლებთ.

13 წელია ხელისუფლებაშია მოსული ბიძინა ივანიშვილი ხომ? ამ 13 წლის განმავლობაში რაიმე სასიკეთო გააკეთა და აკეთებს ბიძინა ივანიშვილი? – არ აკეთებს.

თქვენი „ქველმოქმედი“ ანადგურებს ამ ქვეყანას. თქვენმა „ქველმოქმედმა“ ივანიშვილმა რატომ ააფეთქა საყდრისი? რატომ მოხდა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა?  მარტო იმათ რატომ დასდევენ, ვისაც სამშობლო უყვარს?

ჩვენ ვიბრძოლებთ და არასდროს დავუთმობთ ამ ქვეყანას რუსეთს. ეს ქვეყანა რუსეთის ბაღჩა არ არის. ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის და ქართველმა ხალხმა ომით, ტანჯვით და ბრძოლით მოიტანა აქამდე.

ახლა ვინც ცდილობთ ამ დაკავებულების გაშავებას, თქვენი რიგიც მოვა, გგონიათ, რომ არ მოგადგებიან? – არა, მოგადგებიან, ცოტა დროა დარჩენილი.

როცა გაგიჭირდებათ და პურს, საჭმელს გაგიძვირებენ, ის 20 ლარი აღარ გეყოფათ რასაც გირიგებდნენ. არც ის მათხოვრული სოციალური დახმარება გეყოფათ და არც ის მათხოვრული პენსია გეყოფათ წამლებში, რადგან განადგურებულია ქვეყანა.

იქნებ გაიხედოთ გარეთ და დაინახოთ, ხალხი ნაგვის ურნებში რომ ეძებს საჭმელს, ვისი დამსახურებაა ეს? ქვეყანა დღითი-დღე მიექანება კატასტროფისკენ“ – ამბობს ვიდეოში დავით მახარაძე.

ის საუბრობს საზოგადოების პოლარიზაციასა და ღალატზე.

„სამწუხარო მდგომარეობა დადგა ქვეყანაში, რადგან შიდა მოღალატეები უფრო მეტი გვყავს, ვიდრე გარე მტრები. გაიხედეთ ფანჯრიდან, ომი უკვე დაწყებულია. ბიძინა ივანიშვილს სურს სამოქალაქო ომი და ეს პროცესი დაწყებულია.

გაიხედეთ გორის ავტობანთან 1 კმ და 200 მეტრი აშორებს რუსებს, რომ ეს ავტობანიც ხელში ჩაიგდონ. დანაღმულია ველი, სნაიპერები დგანან. სრული კატასტროფაა საქართველოში და თქვენ იმას დასდევთ, რომ თურმე ვიღაც „აკაცუკმა დანაშაული ჩაიდინა“.

იმ ხალხს აშავებთ, ვისაც სამშობლო უყვარს და მისთვის სიცოცხლეს გაწირავს“ – ამბობს დავით მახარაძე.

აქტივისტების ინფორმაციით, დღეს სპეცოპერაციით კიდევ 7 ადამიანი დააკავეს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: