მთავარი,სიახლეები

ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის ზედამხედველობით ჯერ არავინ დაინტერესდა – $13,9 მლნ მომსახურებისთვის

23.09.2025
ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის ზედამხედველობით ჯერ არავინ დაინტერესდა – $13,9 მლნ მომსახურებისთვის

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საერთაშორისო ტენდერი აქვს გამოცხადებული.

დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებები აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდის მეშვეობით 2025 წლის 23 სექტემბრამდე უნდა წარედგინათ, თუმცა ეს ვადა დეპარტამენტმა 2025 წლის 7 ოქტომბრამდე გადაწია. 23 სექტემბრის მდგომარეობით, შეთავაზებაზე დაინტერესება ჯერ არავის გამოუხატავს.

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზის მშენებლობის ზედამხედველობისთვის, დღევანდელი გათვლებით, მაქსიმუმ 13,9 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული.

ამ თემაზე: ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერია გამოცხადებული

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი საავტომობილო გზის პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა“ – მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტი ასევე გვწერს, რომ ახალი გზის „სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდება უახლოეს პერიოდში“. პროექტის სავარაუდო ღირებულებასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ „მოკლებული არიან შესაძლებლობას“ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 620 მილიონი ლარია გათვლილი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან დაიხარჯება 185 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი დონორის თანხა, ანუ სესხი იქნება – 435 მილიონი ლარი. დონორი ამ შემთხვევაში, როგორც ოფიციალურადაა გაცხადებული, აზიის განვითარების ბანკი [ADB] იქნება.

ვრცლად ამ თემაზე:

106 მილიონი ლარი მიწების გამოსასყიდად – რა თანხა დაიხარჯება ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობაში

 

მთავარი ფოტო: რენდერი: ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზა სარფში, ზღვის სანაპიროსთან / ფოტო პროექტიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: