მთავარი,სიახლეები

„ის ხალხი, ვისაც უნდა მოემზადებინა რუსეთისთვის ჯარისკაცები, უკვე განადგურდა უკრაინაში“ – ინტერვიუ

02.05.2025
„ის ხალხი, ვისაც უნდა მოემზადებინა რუსეთისთვის ჯარისკაცები, უკვე განადგურდა უკრაინაში“ – ინტერვიუ

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, აშშ-ს შეთანხმება უკრაინასთან რუსეთისთვის მკაფიო სიგნალია:

„ეს არის სიგნალი, რომ რუსეთს მიანიშნებენ: თუ ის არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და არ დაამყარებს მშვიდობას, თუ არ დათმობს პოზიციებს, რაც დღეს აქვს, ადრე თუ გვიან, ის დამარცხდება ომში და უფრო მძიმე რეალობასთან ექნება შემდეგ თვალი გასასწორებელი,“ – მიიჩნევს ლაშა ბერიძე.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ამ ომის შედეგი გამოფიტვაზეა, ხოლო არსებული ტემპით რუსეთმა შეიძლება კიდევ 5 წელი იომოს უკრაინაში. პოლკოვნიკის დაკვირვებით, რუსეთის მთავარი სისუსტე ისაა, რაც სისუსტედ ერთი შეხვედით არ მიიჩნევა – ადამიანური რესურსები.

„დიდი სამხედრო მრეწველობა აქვს რუსეთს და არ უნდა ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მრეწველობის რესურსი მას მალე ამოეწურება, თუმცა ძნელია სათქმელია, სადამდე ეყოფა რუსეთს ადამიანური რესურსი… მოუმზადებელი ჯარისკაცებით, დაუცველი ჯარისკაცებით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევ. გამოვა ისე, რომ რუსეთი ისევ ხორცსაკეპ მანქანაში ჩაუშვებს საკუთარ ჯარისკაცებს,“ – ამბობს ლაშა ბერიძე.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.

  • ბატონო ლაშა, რა იცვლება უკრაინისთვის მინერალებზე აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით? 

მხოლოდ მინერალებზე ვერ იტყვი, რომ ეს რამეს ცვლის. რეალურად რაც იცვლება და რაც უკვე შეიცვალა ამ დღეებში, არის ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა: რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია და დარჩა მხოლოდ ერთადერთი გზა, დაეხმარონ უკრაინას. უკრაინამ უნდა გააგრძელოს საკუთარი ქვეყნის დაცვა.

რა თქმა უნდა, მინერალების შესახებ ხელშეკრულება, ერთის მხრივ, აძლევს უკრაინას დამატებით გარანტიებს, რათა აშშ-გან მიიღოს საჭირო შეიარაღება, რაც მას სჭირდება თავდაცვისთვის, განსაკუთრებით კი, საჰაერო თავდაცვითი საშუალებები. ის ამას მიიღებს. ამ შეიარაღებას ის შეიძენს, თუ ვალად აიღებს, ეს უკვე ტექნიკური დეტალებია.

ამიტომაც, საზოგადოებაში იმის შიში, რომ უკრაინა დაუცველი დარჩება, აღარ უნდა არსებობდეს.

  • მინერალებზე შეთანხმება ნიშნავს იმასაც, რომ აშშ ამ მოლაპარაკებას არ დატოვებს შედეგის მიუხედავად?

მოლაპარაკებას, ფაქტია, რომ მომავალი არ უწერია. რაც არ უნდა სურდეთ ამერიკელებს და ევროპელებს შედეგის დადება, პუტინი იძახის: დამნებდით, ან მეომეთ!

რჩება მხოლოდ ერთი გზა: უნდა გააგრძელონ ომი, რომ უკრაინამ თავისი თავის დაცვა შეძლოს. სრული გიჟები უნდა იყვნენ ამერიკელები და ევროპელები, რომ ამ დროს უკრაინა მიატოვონ. უკრაინა ქვეყანაა, რომელმაც პრაქტიკულად შეუძლია რუსეთთან ბრძოლა და რუსეთისგან თავის დაცვა. ამ ომში შეუძლია დასავლეთმა და ამერიკამ გაიმარჯვონ ისე, რომ ერთი საკუთარი ჯარისკაცი არ დაკარგონ.

  • ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უკრაინას პირველად მიყიდიან შეიარაღებას. საუბარია 50 მლრდ დოლარის შეიარაღებაზე. რა სიგნალია ეს რუსეთისთვის?

ეს არის სიგნალი, რომ რუსეთს მიანიშნებენ: თუ ის არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და არ დაამყარებს მშვიდობას, თუ არ დათმობს პოზიციებს, რაც დღეს აქვს, ადრე თუ გვიან, ის დამარცხდება ომში და უფრო მძიმე რეალობასთან ექნება შემდეგ თვალი გასასწორებელი.

ჯერ-ჯერობით არ არის დეტალები ცნობილი, რა შეიარაღებას მიაწვდის აშშ უკრაინას, მაგრამ უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საჰაერო დაცვის სისტემები, სარაკეტო დაცვის სისტემები, ყველაფერი, რაც ამასთან არის დაკავშირებული, მათ შორის, რადიო-ლოკაციური სისტემები და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. ეს უკრაინას აძლევს შესაძლებლობას, რომ ტექნოლოგიური უპირატესობა იქონიოს რუსეთის შეიარაღებასთან.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, „რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნის შესახებ ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად“. რა ხდება ამჯერად ფრონტის ხაზზე?

მთელი ეს პერიოდი ფრონტის ხაზზე განსაკუთრებული ცვლილება არაფერია. რუსეთი აჩვენებს იმას, რომ არ არის მზად მოლაპარაკებისთვის და მას რეალურად არ შეუძლია ომის შეწყვეტა, ამიტომაც რუსეთი ცდილობდა, გარკვეული გაუგებრობა, რაც არსებობდა მოკავშირეებს შორის, მაქსიმალურად გამოეყენებინა ეს დრო, რომ კიდევ ერთი-ორი სოფელი დაეკავებინა.

რუსეთს რეალურად ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა, დიდი და მასშტაბური ოპერაცია ჩაატაროს, თუმცა ის ამისთვის ყოველთვის ემზადება.

  • ამ ეტაპზე რა გათვლა აქვს რუსეთს, თქვენი აზრით? წუხელაც იყო მასირებული შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე. 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქში. 

მას უნდა, რომ უკრაინის საზოგადოება გატეხოს, უკრაინის წინააღმდეგობა გატეხოს. რუსეთი ყველას აჩვენებს, რომ თუ მის პირობებს არ დათანხმდებიან, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი. ამიტომაც რუსეთი ცდილობს, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს განსაკუთრებით ქვეყნის ინფრასტრუქტურას და სამოქალაქო ობიექტებს.

უპილოტო აპარატებით და სარაკეტო დარტყმებით მასიური შეტევები ისევ გაგრძელდება. ეს ტექნოლოგიური ომია და ყოველდღე რაღაც იცვლება.

ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მხარეს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება აქვს. ასეთი რამეზე ჯერ-ჯერობით ადრეა საუბარი.

  • უკრაინელები ისევ უპილოტოებით უტევენ ყირიმს. რა ხდება ამ მიმართულებით?

ორივე მხარე ძირითადად შემოიფარგლება იმით, რომ უპილოტოებით და სარაკეტო დარტყმებით ურტყამენ მოწინააღმდეგეს სიღრმეში, სადაც არის დაუცველი ობიექტები. როგორც უკრაინას, ისე რუსეთს, დიდი ტერიტორია აქვს და ყველაფრის დაცვა შეუძლებელია. ორივე მხარე ამ ეტაპზე ამ სტრატეგიას მიყვება, რამეთუ ბრძოლის ველი ხისტად ჩაკეტილია და ძალიან რთულია რამე უპირატესობის მოპოვება.

ამ ვითარებაში, როცა ორივე მხარე ძლიერ თავდაცვაშია, დიდი წინსვლის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელია. საამისო ძალა არც ერთ მხარეს არ აქვს.

  • რა მიღწევაზე შეიძლება ილაპარაკოს პუტინმა 9 მაისს, რა შეძლო რუსეთმა? BBC-ის რუსული რედაქცია აქვეყნებს ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2024 წელს რუსეთს მთელი ამ ომის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგი ჰქონდა და დაეღუპა სულ მცირე 45 287 ადამიანი. ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში შეჭრის პირველი 3 წლის დანაკარგები და მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წლის დანაკარგებს. „გასულ წელს ოკუპირებული ტერიტორიის ყოველი კილომეტრი რუსეთს სულ მცირე 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა“ – წერს BBC. 

დანაკარგებზე, ცხადია, პუტინი არ ილაპარაკებს. ის ილაპარაკებს იმაზე, თუ როგორ მოიგეს ომი ფაშისტურ გერმანიასთან და როგორ აგრძელებს ის ამ ომს. ის გააგრძელებს უტვინოებისთვის გათვლილ პროპაგანდას, რაც მას აქამდეც ჰქონდა. არ მაქვს მე სიახლის მოლოდინი.

მიღწევა პუტინს ამ ომში არ აქვს, რაზეც შეიძლება ილაპარაკოს. ერთადერთი შეიძლება, კურსკის საკითხი მონათლოს გამარჯვებად, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე ფორმით გამარჯვებაა – კურსკში რჩებიან უკრაინელები და დარჩებიან კიდევ რაღაც პერიოდი.

რუსეთს კატასტროფულად დიდი ადამიანური დანაკარგები აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ჯერ-ჯერობით არ არის რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ტაქტიკას შეცვლის, ან რაიმეს სტრატეგიას.

  • ცეცხლის შეწყვეტას ამ ეტაპზე რუსეთი ისევ არ აპირებს. რა რესურსი რჩება მას ამ ომის გასაგრძელებლად და რამდენ ხანს შეიძლება ეყოს ეს რესურსი?

რუსეთს საკმაოდ ბევრი რესურსი აქვს საომარი სიტუაციისთვის. ისინი აწარმოებენ, როგორც ბალისტიკურ რაკეტებს, ასევე დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენ მოწყობილობებს, დახმარებას იღებენ ჩრდილოეთ კორეისგან, ირანისგან, ჩინეთისგან. მათ სამხედრო აღჭურვილობის ნაწილების შესყიდვა სხვაგანაც შეუძლიათ.

დიდი სამხედრო მრეწველობა აქვს რუსეთს და არ უნდა ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მრეწველობის რესურსი მას მალე ამოეწურება, თუმცა ძნელია სათქმელია, სადამდე ეყოფა რუსეთს ადამიანური რესურსი.

  • რას გულისხმობთ? ადამიანური რესურსიც საკმაოდ დიდი აქვს რუსეთს.

მაგრამ ყველა ადამიანს არ შეუძლია ბრძოლა. მოუმზადებელი ჯარისკაცებით, დაუცველი ჯარისკაცებით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევ. გამოვა ისე, რომ რუსეთი ისევ ხორცსაკეპ მანქანაში ჩაუშვებს საკუთარ ჯარისკაცებს.

სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს: ჯარისკაცს საფუძვლიანი მომზადება სჭირდება და სწორედ ამის რესურსი ყველაზე ნაკლებად აქვს რუსეთს. იმ ხალხის დიდი ნაწილი, ვისაც უნდა მოემზადებინა მომავალი ჯარისკაცები, უკვე განადგურდა უკრაინაში.

  • იგივე პრობლემა არ აქვს უკრაინას? 

უკრაინას ასე თუ ისე ჯარისკაცების მომზადებაში აქტიურად ეხმარებიან მოკავშირე ქვეყნები. რუსეთს კი, ეჭვი მეპარება, რომ ვინმე განსაკუთრებით ეხმარება ადამიანური რესურსების მომზადებაში ბელარუსის გარდა. ბელარუსებმა მომიტინგეების დარბევა კარგად იციან, შეიძლება, მაგრამ უკრაინელებთან ბრძოლას სხვა ტაქტიკა სჭირდება.

  • ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს არ ათვლით? 

არა მგონია, რომ ჩინეთი ფიზიკურად ეხმარებოდეს რუსეთს. ჩრდილოეთ კორეამ კი, უკვე აჩვენა, რომ ამ მხრივ დიდი რესურსი არ აქვს.

  • თუ დასავლეთმა დღეს არსებული ტემპით განაგრძო უკრაინის მხარდაჭერა, რამდენ ხანს ეყოფა რესურსი რუსეთს ომისთვის? 

ამის გათვლა ძალიან რთულია, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ ამ ტემპით სამი – ოთხი, ან ხუთი წელი ეს ომი კიდევ გაგრძელდება.

  • თქვენ ახსენეთ გამოფიტვა. დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინა ვერ შეძლებს ფართომასშტაბიან კონტრშეტევას? 

ადრეც მითქვამს თქვენთან და ახლაც ვიმეორებ – ამ ომში გამოფიტვაზეა ყველაფერი.

გამოფიტვა კი, არის ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული: დამატებით სანქციებზე, ცოცხალი ძალის დანაკარგებზე, შეიარაღების კომპონენტების შესყიდვის გართულებაზე. ეს ყველაფერი მოქმედებს ერთად აღებული. ცალკე ერთი ფაქტორი რომ რაღაცას ნიშნავდეს, ასე არ არის.

რაც შეეხება ფართომასშტაბიან კონტრშეტევას, უკრაინა ამას ვერ განახორციელებს ბევრი მიზეზის გამო. ამის ძალა არ აქვს და ფრონტის ხაზი ძალიან დიდია. გარდა ამისა, ფართომასშტაბიანი შეტევის დროს, იქ შესული ჯარები შეიძლება დაუცველი აღმოჩნდეს რუსული სარაკეტო დარტყმების მიმართ. უფრო სავარაუდოა, რომ ყველა მონაკვეთზე იქნება შეტევა და თავდაცვა.

ეს ნელი, გამომფიტავი ომია. ასეთი ბევრი ომი ჩვენ უკვე ვიხილეთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ზუსტად ასეთ ომთან გვაქვს საქმე ახლაც. უბრალოდ ამჯერად გაცილებით რთულ ტექნოლოგიებს იყენებენ, ვიდრე ავღანეთში, ან ვიეტნამში იყენებდნენ.

ჩემი აზრით, სარაკეტო დარტყმებსაც რუსეთი კიდევ დიდხანს მოახერხებს. მთავარია, უკრაინას ჰქონდეს შესაბამისი საჰაერო თავდაცვის საშუალებები.

რუსეთი ასე იქცევა: ემზადება გენერალური თავდასხმისთვის და ამას ახორციელებს ერთ, ორ, სამ ეტაპად. მერე აღარ აქვს რესურსი, რომ თავს დაესხას და ისევ ემზადება. ჯერ-ჯერობით ახალი არაფერი ჩანს. რუსეთი აგრძელებს ომს ყველა საშუალებით, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს.

გამორიცხული არც ისაა, რომ თუ რუსეთი დამატებითი ძალების მომზადებას შეძლებს, გარკვეულ მიმართულებაზე შეტევა და გარღვევა სცადოს, რა თქმა უნდა, სარაკეტო და უპილოტოების დარტყმებით ეცდება მიაყენოს უკრაინას მაქსიმალური ზიანი, რათა მოსახლეობა გატეხოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: