აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში ციტრუსის სეზონის სამზადისთან დაკავშირებით, რეგიონის მეციტრუსეებთან შეხვედრა გაიმართა. ფერმერებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე შეხვდნენ.
აქვე გაიმართა სპეციალურად ციტრუსის სეზონისთვის ინგლისურ და რუსულ ენებზე შექმნილი ვებ-გვერდის პრეზენტაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორენოვანი სარეკლამო რგოლიც წარადგინა. რგოლი შეიქმნა იმ ქვეყნებში გასავრცელებლად, რომლებიც რეგიონის ციტრუსის გასაღების ბაზრებს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში უკრაინის, ბელარუსიის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პარალელურად, წელს პირველად მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში – ციტრუსოვანთა მოსავლის რეალიზაციის მაღალ დონეზე ორგანიზების, საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციისა და რეგიონში წარმოებული ციტრუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა შეხვედრებს უკვე მართავს უკრაინის, ბელარუსიისა და ყაზახეთის რესპუბლიკების წარმომადგენლებთან. სპეციალურ საინფორმაციო ვებ-გვერდზე https://citrus.moa.ge/ დაინტერესებულ უცხოელ ექსპორტიორებს შეეძლებათ გაიგონ დეტალური ინფორმაცია წარმოებული ციტრუსის და მისი ტრანსპორტირების თავისებურებებთან დაკავშირებით“.
მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე რეგიონში 55 – 60 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. მიღება-გადამუშავება დაფასოებისათვის კი რეგიონში მოქმედი ციტრუსის საწარმოები და სამაცივრე მეურნეობები სრულ მზადყოფნაში არიან.
მთავრობისავე ინფორმაციით, „2016 წლის სეზონისთვის 1 კილოგრამი ციტრუსის მინიმალური ღირებულება 70 თეთრით განისაღვრა“.



