მთავარი,სიახლეები

სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივრის განხილვა დაიწყო – საია

27.03.2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივრის განხილვა დაიწყო – საია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო.

ამის თაობაზე დღეს, 27 მარტს, განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

„სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედიაორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა.

ჩვენ ეს საქმე გავაგზავნეთ 2024 წლის 17 ოქტომბერს, რუსული კანონის წინააღმდეგ და ვდავობდით კონვენციით გარანტირებული არაერთი მუხლის დარღვევაზე. მათ შორის, საჩივარი შეეხება ისეთი მუხლის დარღვევებს, როგორიცაა: გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი, ასევე, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება და უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები.

აი, ამ ყველა მუხლთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა და საქართველოს გამოუგზავნა კითხვები, რომლის პასუხები უნდა იყოს შესაბამის დროს გაგზავნილი“ – ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

მისი თქმით, სასამართლომ საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭოს.

„ამაზეა საუბარია კორესპონდენციაში, რომელიც მივიღეთ და ასეთ სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საქმეებს ეხება“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

მისი თქმით, კანონის მიღების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა კანონის მიღებამდეც და ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ეგრეთ წოდებული „ფარას“ ხელახალი ინიციირება.

„ყველასთვის ცნობილია, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ არ არის მიმართული ან ასეთ საქმიანობას არ უპირისპირდება, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ამ კანონის ხელახალი ინიციირება არის რუსული კანონის შენიღბვა, რომ თითქოს ეს კანონი სხვა შინაარსის მატარებელია“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საქმე გაგზავნილი არ იყო და ამ პროპაგანდას დღემდე აგრძელებს.

„რუსული კანონი არა მარტო მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს, არამედ მოქალაქეთა ერთმანეთისგან გათიშვას და კრიტიკული ხმების ჩახშობას ემსახურება. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება ამ საქმის განხილვა და ეს პოზიტიურ როლს შეასრულებს პროცესში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

ჩვენ მოველით, რომ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას ყველა იმ მუხლთან დაკავშირებით რომელიც წარდგენილი გვაქვს“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

რუსული კანონი „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს, საზოგადოების მკაფიო წინააღმდეგობის ფონზე მიიღო, წელს კი „ოცნების“ პარლამენტი აპირებს მიიღოს მედიის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი რუსული კანონი, რომელსაც „ოცნება“ ამერიკულ „ფარას“ უწოდებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: