მთავარი,სიახლეები

ადვოკატი: მზია ამაღლობელი ციხეში ითხოვს დაბრუნებას, “ვივამედში” დარჩენა არ სურს

05.02.2025
ადვოკატი: მზია ამაღლობელი ციხეში ითხოვს დაბრუნებას, “ვივამედში” დარჩენა არ სურს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“, სადაც ის გუშინ, 4 თებერვალს გადაიყვანეს, პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვს.

„მზია ამაღლობელმა დღეს მოითხოვა, დაუყოვნებლივ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ დარჩენა არ უნდა. როგორც ზურა ჩხაიძემ მითხრა, განმეორებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს, შემდეგში გადაწყდება, როდის გადაიყვანენ პენიტენციურში“, – თქვა მზია ამაღლობლის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატი ამბობს, რომ „მდგომარეობა სტაბილურია“.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შიმშილობის 25-ე დღეა და რა თქმა უნდა, შესუსტებულია. იცით, რომ აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, თუმცა მხნედ გრძნობს თავს. აცხადებს, რომ ბრძოლას აგრძელებს იმით, რითაც შეუძლია. ხილულად, რაც მე შემიძლია შევაფასო, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. „ვივამედში“ ჩაუტარდა გარკვეული სახის კვლევები. შევხვდი ექიმებს და როგორც მითხრეს, რაღაც განსაკუთრებული პრობლემები ჯერჯერობით არ არის ანალიზებში.

ჩვენი მხრიდან მედიკოსთა სპეციალური ჯგუფის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს, თითქმის დასრულებულია. გარკვეული ტექნიკური საკითხებია დარჩენილი და გაიგებთ, როცა შედგება“, – თქვა ჯუბა ქათამაძემ ჟურნალისტებთან.

„მზია ისევ აცხადებს, რომ შიმშილობს არა მარტო თავის თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. მზიას თხოვნაა მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველა ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა. ეს ამძიმებს მხოლოდ და მხოლოდ მას. ასევე მითხრა, რომ ის ცინიკური განცხადებები, რომლებიც მმართველი გუნდის მხრიდან ესმის მის შიმშილობაზე, უფრო მეტად ძალის მიმცემია მისთვის, რომ შიმშილობა გააგრძელოს. ჩვენ ვთხოვთ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა გვიწევს პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ და დასძინა, რომ მზია ამაღლობლის თხოვნაა, მისი შიმშილობა არ იყოს წინა პლანზე.

25-ე დღეა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის““ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტი ნიშნად შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 24-ე დღე მზია ამაღლობელმა ციხეში გაატარა. გუშინ, 4 თებერვალს კი, კლინიკაში გადაიყვანეს კვლევებისათვის, სადაც ამ დრომდე რჩება. ის აგრძელებს შიმშილობას.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად დამხმარე ნაგებობაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობლისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: