მთავარი,სიახლეები

„შეარბილეთ ბრალდება” – მღვდელი პროკურატურას მიმართავს მზია ამაღლობელის საქმეზე

31.01.2025
„შეარბილეთ ბრალდება” – მღვდელი პროკურატურას მიმართავს მზია ამაღლობელის საქმეზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი გიორგი წეროძე პროკურატურას მზია ამაღლობლის საქმეზე მიმართავს. ის პროკურატურას ბრალდების შერბილებისკენ მოუწოდებს.

„მზია ამაღლობლისთვის ღმერთმა ჩამასმინა ეს მომართვა საქართველოს პროკურატურისთვის, ამიტომ თქვენთან, ყველა ღმერთის მოყვარულისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

შეარბილეთ ბრალდება.

თქვენც კარგად იცით, რომ ამ ვითარებასა და ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლის მუხლით საქმის აღძვრა და წინასწარი პატიმრობა შურისძიება და ფაქტობრივად სასჯელის დაწესებაა. (ასეა არა მარტო მზია ამაღლობლისთვის).

დაუთმეთ ადგილი სასამართლოს.

გახსოვდეთ, ყველა, ვინც ქრისტეს მოსვლამდე მიიტაცებს სასჯელის გამოტანის უფლებას – არის ანტიქრისტე. მორწმუნისთვის ეს დამღუპველია. ქრისტიანისთვის დამღუპველია იცოდეს სიკეთის კეთება და ვერ/არ აკეთოს, იცოდეს, რომ ცოდვას სჩადის და არ გადაიფიქროს. ის, ვისაც არ სწამს მკვდრეთით აღდგომა და ის, რომ ღმერთი ახლა ჩვენ შორის არის – სანქციებისა არ იყოს, მშრალი გამოვა წყლიდან.

აი, ღმერთის მოყვარულს კი გაუჭირდება. იმიტომ, რომ იცის – ცოდვას სჩადის, შურს იძიებს, იტაცებს სასამართლოს ფუნქციას და ღმერთის ხმას მაინც უგულებელყოფს.

ნუ მოტყუვდებით, რომ მხოლოდ პატრიარქმა ან ეპისკოპოსმა უნდა გაგაგონოთ მსგავსი შეგონება. ეს შეუძლია ყველა ქრისტეს მოყვარე ადამიანს და ასევე მეც, დეკანოზ გიორგი წეროძეს. 1პეტ 2:6-10: “თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი. ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი”.

ვისაც ღმერთი უყვარს, შემოგვიერთდით”, – წერს დეკანოზი.

—————————–

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: