„პოლიციამ გადაამეტა ძალას მსუბუქი ნათქვამია, უფრო მძიმე სიტყვა უნდა გამოვიყენოთ, ეს იყო ბრბო, რობოკოპებს ეძახიან. ესენი იყვნენ ბიორობოტები, რომლებიც გააბოროტა მთავრობამ. როცა იქ ხვდები, მათ ლაპარაკსაც ისმენ, ისინი არიან გაბოროტებულები, მტრად აღიქვამენ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ აქვს მნიშვნელობა, გოგონებს ისე არ სცემენ როგორც ბიჭებს, მაგრამ… შენ ცუდი ხარ მტერი ხარო – ამ მოტივით მოქმედებენ.
არ ვიცი, სად უჩიჩინებენ ამდენს. ხალხს, რომ ომით აშინებდნენ, აბა ომი გინდათ, რელიგიას წაგვიბილწავენ, ლგბტ პრობლემები შეიქმნება ქვეყანაში, გადაგვარდებიან და შვილებზე უნდა ვიზრუნოთო და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ბადებს შიშს, შიშის ნიადაგზე აკეთებს ადამიანი არჩევანს, ასე გააბოროტეს სპეცრაზმელებიც, რომლებიც განურჩევლად სცემენ ყველას“, – გვიყვება კიბერუსაფრთხოების ექსპერტი დათო ოქრუაშვილი.
დათო ოქრუაშვილი მათ შორის არის, ვისაც საპროტესტო აქციაზე სცემეს და დააკავეს, შემდეგ კი ხელწერილით გაათავისუფლეს, რადგან მძიმედ იყო დაშავებული და ოპერაცია დასჭირდა, ოპერაციის შემდეგ კი რამდენიმე დღე საავადმყოფოში მოუწია დარჩენა.
დათო ოქრუაშვილი საპროტესტო აქციაზე 28 ნოემბერს გავიდა, როგორც კი გაიგო, რომ „ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა.
„იმ დღიდანვე გავედი აქციაზე, როცა განაცხადა კობახიძემ, რომ მოლაპარაკებებს ვაჩერებთ. მარტო გავედი, როცა გაბრაზებული ხარ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, მეგობრების ძებნას არ იწყებ. ვიღაც ამბობს, რომ არ სცალია, ეგ მიზეზი არ უნდა გახდეს, რომ არ წახვიდე და არ გამოხატო შენი პოზიცია.
33 წლის ვარ და მაქვს დღის რუტინა, ამ ყველაფერს ვწყდები, ვანებებ თავს და მივდივარ აქციაზე, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს ფარავს და უბრალოდ კი არ გადიხარ, ღამის 4 საათამდე იქ ხარ, ბევრია კომფორტის ზონაში გამოკეტილი – ფრჩხილებზეა ჩაწერილი, ან ვარჯიში აქვს.“
დათო ამბობს, რომ საპროტესტო აქციები „თავიდანვე მწვავედ წარიმართა“.
„29 ნოემბერს, პარლამენტის უკან მივედი დაახლოებით ათი საათისთვის, დავდექი აქციის მონაწილეებთან ერთად შემაღლებულ ადგილზე, სადაც მინდა იქ უნდა გავაპროტესტო, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. იქ იყო ფეიერვერკების სროლა, იყო ქვების სროლაც, ეს იყო გაბრაზებული ხალხის ქმედება, რომელსაც მთავრობა არ უსმენს, საკუთარი ხელისუფლება არ უსმენს, ნუ დავარქმევთ ამათ საერთოდ ხელისუფლებას.
12 საათამდე დაიწყო დარბევა, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვიყავი, როცა დაიწყო სპეცრაზმმა მოძრაობა, ჩვენ ნელ-ნელა უკან დავიხიეთ და როცა მივბრუნდით, აღმოჩნდა, რომ ზურგიდან სპეცრაზმის მეორე გუნდი მოდიოდა, ჩვენ მოვექეცით ალყაში.
პატარა ჩასასვლელი იყო დარჩენილი მხოლოდ აქციის მონაწილეებს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, დავიწყეთ შევჩენკოს ქუჩაზე ჩასვლა. იქ იყვნენ ბიო რობოტები, სხვა გასაქანი არ იყო და იქ დამიჭირეს – დამიწყეს ცემა, არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა, კითხვაც არ დაუსვამთ, პირდაპირ გადავიდნენ ცემაზე, უმოწყალოდ მცემეს, პირველი რამდენიმე დარტყმა ვიგრძენი, მერე უკვე აღარ მტკიოდა, მირტყამდნენ სანამ არ გავითიშე, გონს როცა მოვედი მიმათრევდნენ.
შევჩენკოს ქუჩაზე მომიწყვეს კორიდორი, სადაც მირტყამდნენ სახეში მუცელში, ყველგან. გაჩხრიკეს, წამართვეს ტელეფონი სახლის და მანქანის გასაღები. არც მაქვს იმედი, რომ ვიპოვი ამ ნივთებს.“
სხვებისგან განსხვავებით დათო ე.წ. მარშუტკაში არ მიუყვანიათ, მას მიუთითეს ადგილი, სადაც უნდა მისულიყო, დათომ მითითებული ადგილიდან გაცლა სცადა, თუმცა უშედეგოდ, ის მაინც დააკავეს:
„მე მანქანაში არ წავუყვანივარ, მიმითითეს, რომ პარლამენტისკენ წავსულიყავი, დავიწყე მოძრაობა და შემდეგ შევუხვიე კამერებისკენ, ვიფიქრე, რომ გავიდოდი, არაფერი დამიშავებია, ამ დროს მეორედ დამიჭირა სპეცრაზმელმა, მაქეთ არა იქით წადიო.
პარლამენტის უკან სპეცრაზმელმა პოლიციასთან მიმიყვანა, ჰკითხეს დაკავებული თუ ვიყავი და უპასუხა არ არის დაკავებული, ნაცემია და მიხედეთო. ამის შემდეგ დამაკავეს, გადამიყვანეს განყოფილებაში, იქ დავკარგე გონება. გონს, რომ მოვედი, თქვეს სასწრაფო დასჭირდებაო, ვიღაც მირტყამდა ფეხს, რა სასწრაფო გინდა გამოფხიზლდიო.“
შემდეგ დათო სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

დათო ოქრუაშვილი საავადმყოფოში კიდევ ერთ დაზარალებულთან ერთად
„საავადმყოფოში გამომყვნენ პოლიციელი და გამომძიებელი და ჩემთან ერთად იყვნენ დილამდე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაც უფრო მძიმედ იყო ნაცემი აქციის მონაწილე, მას უფრო მკაცრად ექცეოდა პოლიცია, თითქოს ამან მაგარი რაღაც დააშავა და ამიტომ გაილახაო.
საავადმყოფოში გადამიღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, სანამ ექიმი ნახავდა და გადაწყვეტდა რაიმეს, ადგილზე დარჩნენ პოლიციელები. ამ პერიოდში გადაამოწმეს ჩემი ისტორია, კამერები, მითხრეს ხელწერილით გაგიშვებთო. მთელი ღამე გაათენეს, დილის ცხრა საათამდე დარჩნენ, შემდეგ ხელწერილი მოამზადეს, სადაც ჩაწერეს, როცა დაგიკავშირდებით გამოცხადდიო.
საავადმყოფოში ჩემს გვერდით იყო ადამიანი, რომელსაც ყბები მოსტეხეს. მე მქონდა თვალის ბადურას ფსკერის მოტეხილობა, ქალა-სარქვლის მოტეხილობა. ექიმმა მითხრა, რომ დაკვირვების ქვეშ უნდა ვიყო, პერიოდულად უნდა შემოწმდეს სისხლჩაქცევა იზრდება თუ მცირდება, თუ გაიზრდება სახიფათოა, ასევე ცხვირის ძვლის მოტეხილობა მაქვს“.“
დათო კიბერუსაფრთხოების ექსპერტია და აუდიტორული საქმიანობით არის დაკავებული.
___
რა ხდება.
საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.
კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.
2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.
საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.
პოლიცია და სპეცრაზმი სასტიკი ძალადობით არბევს აქციებს თბილისში. დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 23 მოქალაქე [5 დეკემბრის მონაცემებით].
ანტირუსული აქციის მონაწილეები სხვადასხვა მოტეხილობებით და დაზიანებებით კლინიკებში არიან მოთავსებული – არაადამიანური მოპყრობის, წამების მსხვერპლია 300-ზე მეტი ადამიანი.


