ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.
„დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.
მხოლოდ გუშინ, მიმდინარე აქციის დროს, 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39-ზე მეტი უკვე მოინახულეს ჩვენმა ადვოკატებმა იზოლატორებში“- ამბობს აცხადებს საია.
ორგანიზაციის განცხადებით, დაკავებულთა დიდი ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.
„ხშირია სამედიცინო დახმარების საჭიროება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ ხდება.
პირადი ნივთების მიზანმიმართული ჩამორთმევა, მათ შორის მობილური ტელეფონების დაკარგვის ან მოპარვის ფაქტები. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სამართლებრივი სტანდარტების უგულებელყოფით, რაც ართულებს ადვოკატების მუშაობას. დაკავებულთა ჯანმრთელობის დაზიანებების შემთხვევები სასამართლოს მხრიდან იგნორირებულია“.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დღესაც მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. მოქალაქეები ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სპეცრაზმი სასტიკად უსწორდება აქციის მონაწილეებს. არასათანადო ძალის გამოყენებით დააკავეს აქციის მონაწილეები ბათუმშიც.






