სიახლეები

ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი – „არა რუსეთს! ვლოცულობ თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის“

01.12.2024
ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი – „არა რუსეთს! ვლოცულობ თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის“

ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი საქართველოში ანტირუსულ საპროტესტო მოძრაობას ეხმიანება, რომელიც სამი დღის წინ დაიწყო საქართველოში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე.

მუსლიმი სასულიერო პირი, იმამი თამაზ მგელაძე წერს, რომ ლოცულობს თავისუფალი საქართველოსთვის. „არა რუსეთს“ – ასე ასრულებს განცხადებას თამაზ მგელაძე:

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია ნათლად ჩანდეს ყველა ჩვენგანის პოზიცია და მოვლენების სრული შეფასება. დღეს, რაც საქართველოში ხდება სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. ჩვენი ქვეყანა ურთულეს გზას გადის და ასეთ დროს მოსალოდნელია შიდა და გარე ძალების პროვოცირება.

შესაბამისად, ყველა ჩვენგანს გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, რადგან ვხედავთ, რომ რისკის ქვეშ დგას ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქვეყნის მომავალი.

ჩემთვის, როგორც მუსლიმი სასულიერო პირისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, სიძულვილი, შუღლი და ბოროტება. მივმართავ ხელისუფლებას, გამოიჩინოს გონიერება და მოუსმინოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს. ასევე მივმართავ ძალოვან სტრუქტურებს, არ აუყვეთ პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დაიცავით მოქალაქეთა უფლებები და ნუ გადაამეტებთ თქვენს უფლებებს.

ამასთანავე, თავს მოვალედ ვთვლი, სამართლიანობის მხარეს ვიდგე და ვიყო იქ, სადაც უნდა იდგეს ყველა, ვისაც საქართველოს თავისუფლების, სამართლიანობის, განვითარების და წინსვლისთვის გული შესტკივა.

ვლოცულობ, მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის, ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის!
არა რუსეთს!
___

უკვე მესამე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.

შს სამინისტროს 30 ნოემბრის ინფორმაციით, დაკავებულია 150-მდე ადამიანი.

პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.

28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: