მთავარი,სიახლეები

„არა რუსულ რეჟიმს“ – დუბლინში საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს

30.11.2024
„არა რუსულ რეჟიმს“ – დუბლინში საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს

ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია სპონტანურად დაგეგმეს და მას 50-მდე ემიგრანტი დაესწრო.

აქციაზე ქართველმა ემიგრანტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს და დაგმეს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა.

„აქციების მიზანია ხელისუფლებამ გაიგონოს ქართველი ხალხის და მათ შორის ემიგრანტების ხმა, რომელმაც უპრეცედენტო ერთობით, მკაფიოდ თქვა, რომ „ოცნება“ არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და საზღვარგარეთ, სადაც არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, ყველგან ოპოზიციამ გაიმარჯვა“ – განაცხადეს აქციაზე

აქცია – დუბლინი

დუბლინში შემდეგი აქცია დაგეგმილია კვირას, პირველ დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს საელჩოსთან.

  • რა ხდება?

28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

უკვე მეორე დღეა თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ორ დღეში დაკავებულია 150-მდე ადამიანი.

პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: