მთავარი,სიახლეები

მე არ ვოცნებობდი აშშ-ში ცხოვრებაზე, ახლაც მინდა ჩემი ცოდნა საქართველოს მოვახმარო – ანა აბაშიძე, ემიგრანტი

02.09.2024
მე არ ვოცნებობდი აშშ-ში ცხოვრებაზე, ახლაც მინდა ჩემი ცოდნა საქართველოს მოვახმარო – ანა აბაშიძე, ემიგრანტი

ავტორი: ნათია კაპანაძე

___

„მე არ ვოცნებობდი ამერიკაში ცხოვრებაზე, მე ვოცნებობდი მხოლოდ განათლების პერიოდულად განახლებაზე. ყოველთვის მინდოდა და ახლაც მინდა ჩემი ცოდნა საქართველოს განვითარებას მოვახმარო“, – ამბობს ანა აბაშიძე, საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი უფლებადამცველი და იურისტი. 

2022 წლის სექტემბრიდან, სახალხო დამცველის კანდიდატად დასახელების შემდეგ, უფლებადამცველი პრორუსული დეზინფორმაციის განსაკუთრებული სამიზნე გახდა. ხელისუფლების წარმომადგენლები და პრორუსული ჯგუფები მას საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების მოწინააღმდეგედ და ეკლესიის მტრად  აცხადებდნენ.

ანა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც „სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარის“ იარლიყით კამპანიური დისკრედიტაციით იდევნებოდა ქვეყანაში. მისი დევნის ტემპი სწორედ უცხოეთში წასვლით შესუსტდა. განათლება მიღების შემდეგ, ანამ ამერიკული ცხოვრება ქართველების სამართლებრივი მხარდაჭერით გააგრძელა. 

უფლებადამცველს ვთხოვეთ შეეფასებინა საქართველოს ხელისუფლების გაუცხოება, რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება არ ითვალისწინებს ადამიანების პროტესტს და მოთხოვნას. ვთხოვეთ გაეზიარებინა გამოცდილება, რომელიც ჩიკაგოს პროკურატურაში მუშაობისას მიიღო.

  • ანა, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების გაუცხოება თქვენთვის?

„რუსული კანონის“ მიღება ხელისუფლების გაუცხოების ყველაზე ღია განაცხადია – „ქართულ ოცნებას” როგორც პოლიტიკურ პარტიას, არანაირი კავშირი აღარ აქვს ქართველი ხალხის ხასიათთან, იდენტობასთან, ისტორიულ გამოცდილებასთან. წარსულს თუ გადავხედავთ, ქართველ ერს ყოველთვის ჰქონდა ღირსება, იცოდა სიტყვის ფასი. მმართველ პოლიტიკურ ძალას კი შეუძლია ჯერ გაიწვიოს კანონი, შემდეგ ისევ დააბრუნოს და თავს მოახვიოს საზოგადოებას. არ გაითვალისწინოს მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შინაარსი, დევნოს ცალკეული ადამიანები და გააუქმოს საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული შეთანხმებები. 

ამ ნაბიჯებით, მმართველმა გუნდმა დაგვანახა, რომ მისი შინაარსი არ არის ქართული. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებისგან დაშორებული უცხო ძალა და მისი წევრები ცდილობენ უკანონობით თუ პოლიტიკური ძალადობით შეინარჩუნონ ძალაუფლება.  

რუსული კანონის მიღებით ყველაზე ნათლად დავინახეთ, როგორია სახელმწიფოს მართვა მორალური დილემების გარეშე. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. ზუსტად ამ მდგომარეობაშია ახლა „ქართული ოცნების“ ყველა წევრი. ისინი ჰგვანან ცხვირს ფარას და ასე კოლექტიურად Ჩადიან გამოუსწორებელ დანაშაულებს.

არავის ვუსურვებდი ისტორიაში შევიდნენ ისე, როგორც „ქართული ოცნების“ წევრები წერენ საკუთარ თავს. მეორე მხრივ, ეს ძალა, მილევად მდგომარეობაშია. არჩევნების გზით ჩვენ მოგვიწევს ხელახლა დავიწყოთ დემოკრატიის შენება, ადამიანური ურთიერთობა. „ქართული ოცნების“ მართვის მთავარი იარაღი – ადამიანებს შორის შუღლის გაღვივების პოლიტიკა, ადამიანების ინტერესების გააზრებით უნდა შეიცვალოს. 

რუსული კანონის მიღებას რა მიზანიც ჰქონდა, ნელ-ნელა აღსრულებას იწყებენ – ესაა ნიჰილიზმი. ხელისუფლებას სჭირდება ჩვენ საზოგადოებას ჰქონდეს მარცხის, ჯგუფური მარცხის და უიმედობის განცდა. ეს არის ავტორიტარიზმის სცენარი. მეორე და უფრო კონკრეტული პრაგმატული შედეგი არის უფლებადამცველი ორგანიზაციების დახურვა. უკვე ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადაც იწურება და ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, ბევრი ორგანიზაცია არ და ვერ გააგრძელებს მუშაობას. ალბათ, სექტემბრიდან ჩვენ დავინახავთ რამდენი ორგანიზაცია შეწყვეტს არსებობას. 

Მათ შორის შეიძლება იყოს ჩემი დაფუძნებული ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელშიც ჩემი შეგნებული ცხოვრება გავატარე. ეს მოხდება, რადგან საქართველოში დემოკრატიული პროცესები გაქრა. მმართველი გუნდის სტრატეგიული მიზანი იყო ფრუსტრაცია და ეს შედგა. თუმცა შეუძლებელია რუსულმა კანონმა იმოქმედოს საქართველოში დიდ ხანს, შეუძლებელია ადამიანები დაიმორჩილონ ისე, როგორც გათვლილი აქვთ. 

ადამიანებს საქართველოში ყოველთვის უნდოდათ და უნდათ ისარგებლონ დემოკრატიის პროცესით, ისარგებლონ ცივილიზაციის შედეგებით, საერთაშორისო პარტნიორობის სიკეთეებით.. ხელისუფლება პროგრესის ამ სურვილს ვერაფრით შეაჩერებს. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ არ გვაქვს დემოკრატიაში ცხოვრების გამოცდილება. ჩვენ ვსწავლობთ დემოკრატიას. ეს პროცესი გეომეტრიული სიზუსტით არ იზომება. ზოგჯერ პროცესები უკანაც მიდის და შემდეგ განვითარების ტრამპლინი ხდება. 

ჩვენ დავიწყებთ თავიდან, მაგრამ აუცილებლად დავიწყებთ.

  • რას ნიშნავს ადამიანის ინტერესების გააზრება სახელმწიფო მმართველობისას? როგორ დაინახეთ ეს პროცესი ჩიკაგოში?

უკვე მეორედ მქონდა შანსი, ამერიკული განათლება მიმეღო. 2017 წელსაც ვცხოვრობდი ამერიკაში. თუმცა ამ ეტაპზე ბევრად განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. გამოცდილება, რომელიც დავაგროვე, უნიკალურია. ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი სასამართლო ლიტიგაციას, ვავითარებდი ჩემ უნარებს, დაიცვა ადამიანი, ადამიანის უფლებები სახელმწიფოს წინაშე. სასამართლოში წარმომადგენლობა იყო ჩემი სწავლაც და გამოცდაც.

ნახევარი წლის განმავლობაში ასევე ვმუშაობდი ჩიკაგოს პროკურატურაში, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო მოქალაქეების განაცხადების შესწავლა. იმ პერიოდში ვაკვირდებოდი, როგორ აღიქვამდნენ მოქალაქის განაცხადს. ეს იყო კულტურულ-სამართლებრივი შოკი. აღმოვაჩინე, რომ მოქალაქის განცხადება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი, რომლითაც დაინტერესებული იყო მთავარი პროკურორიც კი. თითოეულ განაცხადს პროკურატურაში განიხილავდნენ ძალიან ყურადღებით, ძალიან დიდი სიფრთხილით, გულისხმიერებით და პატივისცემით. 

Როდესაც მუნიციპალიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, აქვეყნებს ე.წ. Სამუშაო ვერსიას და მოქალაქეებს აძლევს კომენტარების, მოსაზრებების შანსს. ამის გარეშე ადმინისტრაციული ორგანო არ იღებს გადაწყვეტილებას. საკითხი შეიძლება იყოს პარკირება, გამწვანება, ქუჩის მოწყობა. ეს არის არა მხოლოდ ლამაზად დაწერილი ტექსტი, არამედ ცოცხალი პროცესი და არა უკიდურესად უსიცოცხლო პროცესი, როგორც ქართულ რეალობაშია.

ამერიკაში ადამიანი შეიძლება არ იყოს პოლიტიკურად აქტიური, მაგრამ ის ჩართულია თავისი ქალაქის თუ უბნის მმართველობის პროცესში. მაგალითად, ჩართულია საკუთარი სადარბაზოს წინ ნაგვის გატანის საკითხით, თუ აღმოაჩენს რომ ქუჩა დაზიანებულია, რეკავს მუნიციპალურ სამსახურში – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მისთვის. 

 ზუსტად ეს არის დემოკრატია.  

  • როგორ აგრძელებთ მუშაობას საქართველოს მოქალაქეებისთვის?

Ბედის ირონიაა, ამერიკაშიც კი, ისევ ქართველების ინტერესებისთვის ვმუშაობ. ახლა ვეხმარები საქართველოდან ჩამოსულ ემიგრანტებს დაიწყონ ახალი ცხოვრება. ამ თვალსაზრისით დაშორებას ვერ ვგრძნობ საქართველოსგან. ყოველდღიური კავშირი მაქვს, ვაკვირდები პოლიტიკურ ამინდს, რომ დავეხმარო პოლიტიკური თავშესაფრის ძიებისას დაინტერესებულ პირებს. ისე ნათლად ვგრძნობ არსებულ გამოწვევებს, რომ ზოგჯერ მგონია თბილისშია ჩემი ოფისი. 

  • ანა, რას გაურბიან საქართველოს მოქალაქეები საქართველოდან?

ვფიქრობ, წამყვანი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირეა. დაბალი შემოსავალი და გაზრდილი ფასები, ოჯახების რჩენის ვალდებულებებთან გამკლავება და სხვა ყოფითი პრობლემები, რომლის მოგვარებაზეც არ ზრუნავს დღეს ხელისუფლება. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებული არიან საქართველოში, შეუძლიათ ფინანსურ გამოწვევებს გაუძლონ და მაინც იღებენ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას. ეს ძალიან სევდიანია. 

მეც მსგავსი ისტორიის ნაწილი ვარ სხვათა შორის. მე არ ვოცნებობდი ამერიკაში ცხოვრებაზე, არ ვოცნებობდი ცხოვრების სტილის შეცვლაზე. ახლა ეს მიწევს. ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის არჩევის პროცესში მიღებულმა ორგანიზებულმა მუქარებმა და შანტაჟმა დამარწმუნა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ მათი დამცველის არჩევაც კი დევნის, ადამიანის უფლებების დარღვევის და სამართლიანობის დარღვევით ხდებოდეს.

ჩემთვის საჭირო იყო გავცლოდი ამ პროცესებს. მიზნად დავისახე განახლება. ყველას სჭირდება გადატვირთვა – ახალი ცოდნის მიღება არის ჩემი ძალების აღდგენის შესაძლებლობა.

ვაგროვებ ცოდნას, რათა უფრო მეტი გავაკეთო საქართველოსთვის.

სამუშაო პროცესში უფრო და უფრო ცხადია, რომ ემიგრანტების უმეტესი ნაწილისთვის ემიგრაცია არ იყო საოცნებო გადაწყვეტილება. ეს არის უძნელესი ეტაპი საკუთარი თავის და ოჯახის გადასარჩენად. აქ არიან ადამიანები სხვადასხვა ნიშნით დევნილები: პოლიტიკოსები, აქტივისტები, იდენტობის გამო დევნილები, რომლებიც თავად ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიის სამიზნე გახდნენ. 

  • თქვენი, როგორც საიმიგრაციო იურისტის გამოცდილებით, რა შეიძლება იყოს ემიგრანტების საოცნებო გადაწყვეტილება?

სამშობლოში დაბრუნება და კომფორტის ზონაში ახლობლების და მეგობრების გარემოცვაში ცხოვრების გაგრძელება. 

ადამიანების ინტერესებზე მორგებულ ქვეყანა რომ შევქმნათ, ამიტომაც ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდი და ვაპირებ. მართალია ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“ ახალი უბნები არ გაიხსნას ამერიკაში, მაგალითად, ჩიკაგოში ასეთი პრობლემა იყო.  

ამგვარი ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, ყველას მოვუწოდებ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. 

  • Რატომ? 

ყველა ამბობს, რომ არაფერი შეიცვლება, არის ნიჰილიზმი, ფავორიტის პრობლემა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩვენ მოგვიწევს ვუპასუხოთ მთავარ კითხვას, შენზე რაც იყო დამოკიდებული ეს გააკეთე თუ არა? მინიმუმ ის ვიცით, რა არის „ოცნების“ პოლიტიკა. მინიმუმ ის ვიცით, რომ ამ პოლიტიკით ჩვენ დავიღუპებით.

  • Რა იქნება ახალი არჩევანის შემთხვევაში?

არ ვიცით, ვინ როგორ გაგვიმართლებს. იმედების გაცრუების კარგი მაგალითი სწორედ „ქართული ოცნებაა“.

ემიგრანტებმა ფინანსურად გადაარჩინეს ქვეყანა, ახლა სწორედ ემიგრანტებს შეუძლიათ საქართველო დემოკრატიულ ორბიტაზე დატოვონ. 

ბევრი არაფერი მოგვეთხოვება. მოგვეთხოვება უკეთესი არჩევანი გავაკეთოთ. შემდეგ კი ვიყოთ უფრო მომთხოვნი და კრიტიკული ამომრჩევლები. არცერთ ხელისუფლებას არ უნდა გავაბედინოთ ასეთი მავნე მმართველობა და აღარ მივცეთ უფლება დაუშვან საბედისწერო შეცდომები. ხელისუფლება უნდა ხელმძღვანელობდეს ქართველი ხალხის ინტერესით. მოქალაქეები უნდა წყვეტდნენ ქვეყნის ბედს. სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება არის გაუცხოება და ავტორიტარიზმი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: