„თქვენ ხართ მოღალატე და მონა“ – ასე მიმართეს მოქალაქეებმა რუსული კანონის მხარდამჭერ, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას – ვიდეო დღეს, 9 ივნისს, ფეისბუქზე გავრცელდა.
„ამიხსენი, რატომ?“ – ჰკითხა ზარქუამ მოქალაქეს.
„იმიტომ, რომ თქვენ რუსეთს აბარებთ ქვეყანას, აი, მაგიტომ, სირცხვილი, გრცხვენოდეთ! თქვენ ასე ვერ უნდა დადიოდეთ ქუჩაში, იმიტომ რომ მოღალატე ხართ სამშობლოსი“ – ასე უპასუხა მას მოქალაქემ.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ მომხდარს ზარქუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაეხმაურა. მისი თქმით, მოქალაქემ კადრების ის ნაწილი გამოაქვეყნა, რაც ყველაფერს არ ასახავს და აღნიშნული მოქალაქე „რადიკალ-ნაც-აქტივისტია“, რომელიც „თანამზრახველთან ერთად სპეციალურად ამ საქმისთვის იყო მოსული“. ზარქუამ მომხდარს „ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხტომა“ უწოდა.
ზარქუა რუსული კანონის მხარდამჭერი ერთადერთი დეპუტატი არ არის, ვისაც მოქალაქეებმა საჯარო სივრცეში უწოდეს მონა. მონა უწოდეს მოქალაქეებმა დეპუტატებს: ელისო ბოლქვაძეს, ზურა ხაჩიძეს და ვიქტორ სანიკიძეს.
მონა უწოდეს ბათუმში ჩამოსულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც.
„ქართულმა ოცნებამ“ მაისის ბოლოს მიიღო რუსული კანონი, რომელიც ქვეყანაში გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა.
ევროკავშირის სახელმწიფოები ამბობენ, რომ თუ ეს კანონი საბოლოოდ შევა ძალაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, გარდა ამისა, შესაძლოა, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და ქვეყანამ დაკარგოს არაერთი სხვა სარგებელი, რასაც ევროპისგან იღებს.
რუსული კანონის მიღების თითქმის ორთვიან საკანონმდებლო პროცესს თან ახლდა ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. მედიები და სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი არ დაემორჩილებიან რუსულ კანონს.
ამავე თემაზე:
„ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“ – რა უთხრეს დეპუტატს მაღაზიაში






