მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბეტონი ამჯერად ხელვაჩაურის ნაძვნარში – 7,9 მილიონი რაში დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან

04.02.2024
ბეტონი ამჯერად ხელვაჩაურის ნაძვნარში – 7,9 მილიონი რაში დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმის მერია ხალვაშის გამზირი N374-ის მიმდებარედ არსებულ ნაძვნარში [ხელვაჩაურში] სკვერის მოწყობას გეგმავს. ნაძვნარი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია, თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია მუნიციპალიტეტის, ან სახელმწიფოს საკუთრებაში ამ დროისთვის დარეგისტრირებული არ არის.

ნაძვნარი ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ [ხელვაჩაური], სადაც ბათუმის მერია სკვერის მოწყობას გეგმავს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 7 991 355 ლარით გამოაცხადა, თუმცა, ნაძვნარში სკვერის მოწყობის გარდა, ამ ტენდერის ფარგლებში სხვა სამუშაოებიცაა დაგეგმილი. მათ შორის:

  • ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვის-ცენტრების ახალი ოფისების მშენებლობა;
  • კოტე აფხაზის ქუჩა N4ა-ში ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის მოედნის მშენებლობა;
  • „საქანელა ყველას“ მოწყობა;
  • ბათუმის ტერიტორიაზე შშმ პირთათვის მოედნის მოწყობა, ადაპტირებული სკამით, სკვერის მოწყობა;
  • ძმები ნობელების ქუჩა N41-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა;
  • გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა N1-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა.

ელექტრონულ ტენდერს თან ახლავს თითოეულ ლოკაციაზე შესასრულებელი სამუშაოების პროექტები.

ხელვაჩაურის ნაძვნარი / სიტუაციური რუკა [ზემოთ] და რენდერები პროექტიდან

უშუალოდ ნაძვნარში კი, პროექტის მიხედვით დაგეგმილია:

„არსებული ასფალტო-ბეტონის საფარის მოხსნა, დაზიანებული ბეტონის ბორდიურების, არსებული შენობა-ნაგებობის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისა და ხიდბოგირების დემონტაჟი;

უნდა მოეწყოს სანიაღვრე სისტემა, განათება, ტერიტორია შემოიღობება დეკორატიული მოაჯირით; მოეწყობა: ასფალტ-ბეტონის საფარი, დეკორატიული ფილები, გრანიტის ქვაფენილი, საფეხმავლო ზოლი – რკ/ბეტონის ანაკრები ფილებით, ბეტონის ანაკრები ბორდიურები;

მოეწყობა ასევე ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საჩრდილობლები /„ფანჩატურები“; ტერიტორიაზე განთავსდება დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები“.

ბათუმის მერიის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 17 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

ამავე თემაზე:

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: