მთავარი,სიახლეები

რუსეთი, სავარაუდოდ, T14-ების უკრაინაში გადაყვანას განიხილავს – ბრიტანეთის დაზვერვა

19.01.2023
რუსეთი, სავარაუდოდ, T14-ების უკრაინაში გადაყვანას განიხილავს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 19 იანვრის ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკის – T-14 Armata-ს გამოყენების შესაძლებლობას მიმოიხილავს.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთი, სავარაუდოდ, მცირე რაოდენობის T-14-ების უკრაინაში გადაყვანას განიხილავს.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, 2022 წლის გვიან დეკემბერში, სატელიტურმა გამოსახულებამ სამხრეთ რუსეთში, საწვრთნელ ტერიტორიაზე დააფიქსირა T-14 ტანკები. მანამდე კი რუსული სამთავრობო მედია ამტკიცებდა, რომ T-14-ები უკრაინაში გადასაყვანად მზადდება.

2022 წლის 23 დეკემბრით დათარიღებული სატელიტური გამოსახულების ანალიზი აჩვენებს მინიმუმ ორ T-14 Armata ტანკს რუსეთში, კუზმინკას სამხედრო ბარაკებთან ახლოს მდებარე საწვრთნელ ტერიტორიაზე. ისინი კოლონაში იდგნენ ტრანსპორტიორებს შორის საცეცხლე გამოცდის პოლიგონთან ახლოს. თეთრი ზოლით მონიშნულია საცეცხლე პოლიგონი.

მიუხედავად რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და რუსულ საწვრთნელ ბაზაზე დაფიქსირებული სატელიტური გამოსახულებებისა, ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ არაა ცნობილი, შეიყვანა თუ არა რუსეთმა ამ ტიპის ტანკები უკრაინაში.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, T-14-ების ომში ჩართვა, სავარაუდოდ, ძალიან სარისკო გადაწყვეტილება იქნება რუსეთისთვის, რადგან ამ ტანკების წარმოების პროგრამის 11 წელი გამოირჩეოდა მუდმივი გაჭიანურებითა და საწარმოო პრობლემებით. გარდა ამისა, რუსეთისთვის გამოწვევა იქნება T-14-ების გადასაყვანად ლოჯისტიკური ჯაჭვის ადაპტირებაც, რამდენადაც ეს ტანკი ბევრად დიდი და მძიმეა სხვა რუსულ ტანკებთან შედარებით.

„სავარაუდოდ, თუ რუსეთი გამოიყენებს T-14-ებს, ეს ძირითადად პროპაგანდისტული მიზნებისთვის იქნება. ამ ტანკების წარმოება ალბათ მხოლოდ რამდენიმე ათეულს მოიცავს, ხოლო მეთაურები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრძოლაში მათ ენდობოდნენ“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 19 იანვრის ანგარიშში.

____________

ფოტოზე: Т-14. ფოტო: ვიკიპედია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: