განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მე-20 სკოლაში 900 უკრაინელი ბავშვი ისწავლის, რას სთავაზობს მათ სახელმწიფო

09.09.2022
ბათუმის მე-20 სკოლაში 900 უკრაინელი ბავშვი ისწავლის, რას სთავაზობს მათ სახელმწიფო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. წელს, საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებიც ისწავლიან.

ბათუმში უკრაინელი ბავშვები ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში არიან ჩარიცხულები უკრაინულ სექტორზე. როგორც სკოლის დირექტორი თეა დავითაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, ბოლო მონაცემებით, სკოლაში 900-მდე უკრაინელი ბავშვია რეგისტრირებული და ეს რიცხვი შესაძლოა სწავლის დაწყებამდე კიდევ შეიცვალოს.

„გაზაფხულზე გვყავდა 1-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, ახლა კი მთლიანი საფეხური გვყავს – 1-11 კლასის ჩათვლით სულ 26 პარალელური კლასია უკრაინულ სექტორზე“.

თეა დავითაძის თქმით, უკრაინელ ბავშვებთან სამუშაოდ აიყვანეს საკმარისი რაოდენობის უკრაინულენოვანი პედაგოგებიც.

„სამინისტროსთან შეთანხმებით, ერთობლივად შევარჩიეთ პედაგოგები შესაბამისი კვალიფიკაციით, რომელთაც ჰქონდა პრაქტიკული გამოცდილება და დიპლომიც შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით. პედაგოგი ყველა უკრაინელია, რადგან სწავლება მიმდინარეობს უკრაინულ ენაზე“, – ამბობს დირექტორი.

მას ვკითხეთ, აყვანილი პედაგოგებიც უკრაინიდან არიან ლტოლვილები, თუ საქართველოს მოქალაქეები არიან? „ჩვენ გვყავს უკრაინელი კოორდინატორი, ვთანამშრომლობთ ასევე უკრაინულ დიასპორასთან და ისინი გვეხმარებოდნენ ინფორმაციის გავრცელებაში, მსურველები მოდიოდნენ და წერდნენ განცხადებებს“, – აცხადებს თეა დავითაძე.

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ორი მასწავლებელიც აიყვანეს, რადგან უკრაინელი ბავშვები პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით, ქართულ ენასაც შეისწავლიან. „ჯერჯერობით, ყველა კლასში და ყველა საგანში გვყავს მასწავლებელი“, – ამბობს თეა დავითაძე, თუმცა მასწავლებლების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს. მისი თქმით, პროცესი ისევ გრძელდება. „დღეს არის გასაუბრების ბოლო ეტაპი, სულ 25 კლასია, გვჭირდება 25-ზე მეტი მასწავლებელი“.

მოსწავლეთა კონტინგენტის გაზრდის შესაბამისად, სკოლას სახელმწიფომ ვაუჩერული დაფინანსებაც უნდა გაუზარდოს.

დირექტორს ვკითხეთ, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებითაც, რადგან ბათუმში აქამდე უკრაინული სექტორი არ ფუნქციონირებდა და, შესაბამისად, ვერც სახელმძღვანელოები დაიბეჭდებოდა.

თეა დავითაძის თქმით, სახელმძღვანელოების თაობაზე „მიმდინარეობს მოლაპარაკება და უზრუნველყოფს განათლების სამინისტრო“, თუმცა დეტალებზე ვერ გვესაუბრება – დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებულიო.

„მიდის ამ საკითხის ორგანიზება“, – გვითხრა მან.

სკოლის დირექტორმა „ბათუმელებთან“ დასძინა, რომ საქართველოს მოქალაქე პირველკლასელების მსგავსად, უკრაინელი ლტოლვილი პირველკლასელი ბავშვებიც მიიღებენ ბუქებს.

სასწავლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოს განათლების სამინისტროს დავუკავშირდით და ვკითხეთ, როგორ აპირებს სამინისტრო ამ საკითხის მოგვარებას: უკრაინული სახელმძღვანელოების მიხედვით დაიბეჭდება სახელმძღვანელოები საქართველოში, უკრაინის მთავრობას შეუთანხმებენ ამ საკითხს, თუ ბავშვებს ქსეროასლებით მოუწევთ სწავლა?

სამინისტროდან სტანდარტულად გვიპასუხეს, რომ „ყველა უკრაინელი მოსწავლე, როგორც აქამდე, უზრუნველყოფილი იქნება ყველა სასწავლო რესურსით“. სხვა კითხვებს კი უპასუხოდ ტოვებენ.

აპრილის მონაცემებით, უკრაინა ომის შემდეგ, 5 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. საქართველოში კი ბოლო მონაცემებით, 14 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: