მთავარი,სიახლეები

რუსეთს უკრაინასთან ომში დამხმარე ძალების მობილიზება უჭირს – ბრიტანეთის დაზვერვა

22.08.2022
რუსეთს უკრაინასთან ომში დამხმარე ძალების მობილიზება უჭირს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთს სულ უფრო და უფრო უჭირს, მოტივაცია გაუჩინოს დამხმარე ძალებს, რომლებსაც დონბასში საკუთარი არმიის გასაძლიერებლად იყენებს.

უწყება ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამხედრო ნაწილებს გულისხმობს და მაგალითად მოჰყავს 15 აგვისტოს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის ჯარისკაცების საკმაოდ დიდი ჯგუფი დონეცკის ოლქში ბრძოლაზე უარს ამბობს.

სამხედროების მტკიცებით, მათ „ლუგანსკის ოლქის დაცვაში“ თავიანთი წვლილი უკვე შეიტანეს, „2022 წლის 3 ივლისს ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდნენ“ და ახლა ზეწოლის მიუხედავად, ბრძოლის გაგრძელება აღარ სურთ.

„რუსეთს ძალიან უჭირს, მოტივაცია გაუჩინოს დამხმარე ძალებს, რომლებსაც დონბასში თავისი ძირითადი არმიის გასაძლიერებლად იყენებს. ზოგ შემთხვევაში, მეთაურები ჯარისკაცების წახალისებას პირდაპირ მატერიალური დაპირებებით ცდილობენ, მაშინ, როდესაც ზოგიერთი სამხედრო ნაწილი შეტევით ოპერაციებში გამოსაყენებლად უკვე არასასურველად და არასანდოდ მიიჩნევა,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 22 აგვისტოს რელიზში და მიუთითებს, რომ ამ პრობლემას აძლიერებს ომის კრემლისეული კლასიფიკაციაც  – „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ზღუდავს სახელმწიფოს, კანონიერად მოახერხოს პირადი შემადგენლობის მობილიზება.

უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებში განხეთქილებაზე წერდა გასულ კვირაში აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტიც. ISW-ი მიუთითებდა, რომ ვიდეოს ავთენტურობის დადასტურება მის ანალიტიკოსებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ, თუმცა მისი შინაარსი ნამდვილად ასახავს ფართოდ გავრცელებულ ტენდენციას და დამხმარე ძალების დაქვეითებულ საბრძოლო განწყობას.

ISW-ი აღნიშნავდა, რომ ლუგანსკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში მყოფმა დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის დანაყოფებმაც გამოთქვეს მსგავსი უკმაყოფილება, რაც შესაძლოა, მართლაც ადასტურებდეს, რომ პროქსიჯარები (არარეგულარული სამხედრო ფორმირებები) სრულად არ უჭერენ მხარს კრემლის მასშტაბურ გეგმებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: