უკრაინის გენშტაბი ყველა საბრძოლო მიმართულებაზე უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს.
გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმიამ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა. სადგურის აღებას რუსები უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობენ.
რუსეთის ავიაციამ უკრაინელთა პოზიციებს სოლედარისა და პოკროვსკის რაიონშიც შეუტია.
„მტერი ცდილობდა წინსვლას ვერშინა-ლუგანსკოეს მიმართულებითაც, თუმცა ამ ამოცანის შესრულება ოკუპანტებმა ვერ შეძლეს და წარუმატებელი შეტევის შემდეგ უკან დაიხიეს. გრძელდება შეტევა და საბრძოლო მოქმედებები მირონოვსკოეს მიმართულებითაც. საერთო ჯამში, ბახმუტის მიმართულებაზე, რუსეთის ძალები საარტილერიო თავდასხმებით ცდილობენ, უკრაინის თავდაცვითი პოზიციები გაარღვიონ“, – წერს უკრაინის გენშტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები განაგრძობენ საარტილერიო თავდასხმებს სლოვიანსკისა და კრამატორკის რაიონებში, თუმცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს და უკუაგდეს რუსეთის დანაყოფები ბერესტოვოს – ივანო-დარიევკასა და ვერხნეკამენკას – ივანო-დარიევკას მიმართულებებზე.






