მთავარი,სიახლეები

რუსებმა თავდასხმის შიშით ყირიმის ხიდის დაცვა გააძლიერეს – დანილოვი

14.07.2022
რუსებმა თავდასხმის შიშით ყირიმის ხიდის დაცვა გააძლიერეს – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, რუსეთი ისეა შეშინებული ყირიმის ხიდზე შესაძლო სარაკეტო დარტყმით, რომ ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს ხიდის უსაფრთხოების დაცვას.

„ძალიან დაძაბულები არიან ყირიმის ხიდის გამო. საფუძვლიანად იცავენ. თითქმის ყოველდღიურად გადიან წვრთნებს. სრულიად წარმოუდგენელი რაოდენობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განალაგეს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულად უყურებენ იმ შეიარაღებას, რომელიც უკვე აქვს უკრაინას. სერიოზულად გვიყურებენ, რაც მანამდე ასე არ იყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ჩვენ არ გვყავდა ჯარი, არ გვქონდა ნებისყოფა, არ ვეცდებოდით ჩვენი ქვეყნის დაცვას“, – ამბობს ოლექსი დანილოვი.

7 ივლისს, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობისა და NATO-ს ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ყირიმის ხიდზე დარტყმისთვის „ჰარპუნის“ რაკეტების გამოყენება და ამით კრემლისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენება შეუძლია.

„ქერჩის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა“, – თქვა გენერალმა და დასძინა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, უკრაინის ამგვარი ნაბიჯი სრულიად გამართლებულია. – „რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, აწყობს თავდასხმებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყირიმიდან და შავი ზღვიდან და უკვე მოკლა ათობით ათასი ადამიანი. ასე, რომ ნამდვილად არ უნდა შეგვაწუხოს იმან, თუკი უკრაინა თამამ ამოცანას დაისახავს და სამიზნეს რუსეთის ტერიტორიაზეც განსაზღვრავს“.

ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში აშენდა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: